ახალი ამბები

მიუღებელია სარედაქციო დამოუკიდებლობაში ჩარევა – ქარტია საზმაუს

28 მარტი, 2022 • 1098
მიუღებელია სარედაქციო დამოუკიდებლობაში ჩარევა – ქარტია საზმაუს

საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტია საზოგადოებრივი მაუწყებლის სამეურვეო საბჭოსგან ითხოვს, დაიწყოს მოკვლევა და გატარდეს შესაბამისი ზომები სარედაქციო დამოუკიდებლობაში ჩარევის საკითხზე, გადაცემა ,,ახალი კვირის“ წამყვანისა და ჟურნალისტების განცხადების საფუძველზე.

ამის შესახებ ქარტიის წევრებმა დღეს, 28 მარტს, საზოგადოებრივი მაუწყებლის პირველი არხის შენობასთან გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადეს.

„ჟურნალისტები საზოგადოებრივ მაუწყებელში ცენზურის არსებობაზე საუბრობენ და ასახელებენ კონკრეტულ ორგანიზაციებსა და რესპონდენტებს, რომლებიც, მათი თქმით, არხის მენეჯმენტმა ე.წ. შავ სიაში ჩასვა. ქარტიისთვის კატეგორიულად მიუღებელია სარედაქციო დამოუკიდებლობაში ჩარევა.

ქარტია მოუწოდებს საზოგადოებრივი მაუწყებლის სამეურვეო საბჭოს, შეისწავლოს სარედაქციო დამოუკიდებლობაში შესაძლო ჩარევის საკითხი და მიიღოს შესაბამისი ზომები. კრიტიკულად მნიშვნელოვანია, ეს პროცესი იყოს საჯარო და ყველა დაინტერესებულ პირს ჰქონდეს ჩართვის შესაძლებლობა“, – აცხადებს ქარტია.

25 მარტს, საზოგადოებრივი მაუწყებლის პირველი არხის გადაცემა „ახალი კვირის“ ყოფილმა წამყვანმა, იმედა დარსალიამ იმ ექსპერტების ვინაობა დაასახელა, რომლებიც მაუწყებლის „შავ სიაში“ იყვნენ და მენეჯმენტი ჟურნალისტებს უკრძალავდა რესპონდენტებად მათ ჩაწერას.

„საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველოს“ ოფისში გამართულ ბრიფინგზე მან განაცხადა, რომ სია, რომელსაც დღეს ასახელებს, „ერთი კონკრეტული ჟურნალისტისთვის“ იყო გაკეთებული.

იმედა დარსალიამ ბრიფინგზე ჩამოთვალა ის თემებიც, რაც, მისი თქმით, „დაბლოკილი“ იყო მაუწყებელზე.


გადაცემა „ახალი კვირის“ ყოფილმა წამყვანმა, იმედა დარსალიამ 2022 წლის 17 თებერვალს განაცხადა, რომ მენეჯმენტის მიერ გადაცემის რეორგანიზაცია მის წინააღმდეგ მიმართულ გადაწყვეტილებას წარმოადგენდა.

მისივე თქმით, გადაცემაზე მუშაობის დროს არხის წარმომადგენლების მხრიდან იყო „კრიტიკული თემების დაბლოკვის მცდელობა“. ასევე, არსებობდა ე.წ. „შავი სიები“, რაც გულისხმობდა იმ პირთა სიას, რომლებთანაც არხი არ თანამშრომლობდა.

ამას გამოეხმაურა „საზოგადოებრივი მაუწყებლის“ ორი ჟურნალისტი — თამთა ჯანაძე და სოფო ზედელაშვილი — რომელთაც დაადასტურეს დარსალიას განცხადება ცენზურის მცდელობის არსებობის შესახებ.

თუმცა „საზოგადოებრივი მაუწყებლის“ ადმინისტრაციამ დარსალიას განცხადების საპასუხოდ თქვა, რომ არხის წინააღმდეგ „მიზანმიმართული, რეპუტაციის შემლახავი კამპანია მიმდინარეობს”.

მოგვიანებით გამოქვეყნდა გადაცემის გუნდის ნაწილის განცხადება, რომლითაც ისინი ცენზურის არსებობას უარყოფდნენ.

მასალების გადაბეჭდვის წესი