საქართველოს პრემიერ-მინისტრის, ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებით, თბილისში, საწვავის ფასების ზრდის გასაპროტესტებლად მოწყობილი აქცია ორგანიზებული იყო პარტია „ნაციონალური მოძრაობის“ მიერ.
„მინდა შევეხო საკითხს, რომელიც უკავშირდება საწვავის ფასებს. გუშინ ჩვენ ვნახეთ, რომ გარკვეული აქციები იქნა ორგანიზებული, რომლის უკან, პირდაპირ უნდა ვთქვათ, იდგა ნაციონალური მოძრაობა.
მე მესმის, რომ ჩვენს მოსახლეობას ძალიან აწუხებს ფასები და ჩვენ ყველანი ვართ დაინტერესებულნი, რომ შევუმსუბუქოთ ის წნეხი, რომელიც მომდინარეობს ამ კრიზისებიდან“, – განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა საქართველოს მთავრობის სხდომაზე.
მისი განცხადებით, ფასების ზრდა მსოფლიო ტენდენციაა და, შესაბამისად, აისახება საქართველოზეც.
„კოვიდპანდემიით გამოწვეული კრიზისის ფონზე, ინფლაციის მაჩვენებლებმა არაერთ ქვეყანაში არა მხოლოდ პროგნოზირებულს გადააჭარბა, არამედ ათწლეულების რეკორდულ დონეს მიაღწია. მაგალითად, ამერიკის შეერთებულ შტატებში 40 წლის რეკორდული მაქსიმუმი დაფიქსირდა. გერმანიაში ინფლაცია არის ბოლო 29 წლის მაქსიმუმზე, იგივე ეხება ევროზონას. თურქეთში ინფლაცია ბოლო 19 წლის განმავლობაში ყველაზე მაღალია.
ჩვენს ქვეყანაშიც არის გამოწვევა. ბუნებრივია, ვერ იქნება გამონაკლისი, რადგან ვართ პატარა ქვეყანა პატარა ეკონომიკით და მიერთებული ვართ მსოფლიო ბაზარს“, – განაცხადა ღარიბაშვილმა.
მისი განცხადებით, საწვავის ფასების მიხედვით, მსოფლიოს 170 ქვეყანას შორის საქართველოზე 71-ე ადგილზეა.
საქართველოში ბენზინის ღირებულება დაახლოებით 4 ლარია, რაც ისტორიული მაქსიმუმია.
ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებით, ევროპის მასშტაბით გაზის ფასი საქართველოში, აზერბაიჯანის შემდეგ, ყველაზე იაფია.
გუშინ, 27 მარტს გამართულ აქციაზე, შსს-ს ცნობით, 20 ადამიანი დააკავეს.
ამერიკის შეერთებულ შტატებში ინფლაციის დონე 7.9 პროცენტია, გერმანიაში – 2.88 პროცენტი, ევროზონის ქვეყნებში – 5,8 პროცენტი, თურქეთში – 54.44 პროცენტი.
საქართველოში ინფლაციის დონე 13.7 პროცენტია, ხოლო ეროვნული ბანკის მიზნობრივი მონაცემი 3 პროცენტია.
