ახალი ამბები

რუსეთი უკრაინის “კორეული სცენარით” ორად გაყოფას შეეცდება — უკრაინის დაზვერვა

27 მარტი, 2022 • 1007
რუსეთი უკრაინის “კორეული სცენარით” ორად გაყოფას შეეცდება — უკრაინის დაზვერვა

უკრაინის დაზვერვის მთავარი სამმართველოს უფროსის, ბრიგადის გენერალ კირილ ბუდანოვის თქმით, რუსეთი შეეცდება უკრაინას ე.წ. კორეული სცენარი მოახვიოს და ყველა ოკუპირებული ტერიტორია ერთიან კვაზისახელმწიფოებრივ ერთეულში მოაგროვოს.

„კიევის მახლობლად წარუმატებლობისა და უკრაინის ცენტრალური ხელისუფლების დამხობის უუნარობის შემდეგ, პუტინი უკვე ცვლის ძირითად საოპერაციო მიმართულებებს — ეს არის სამხრეთი და აღმოსავლეთი. არსებობს საფუძველი ვიფიქროთ, რომ ის განიხილავს კორეულ სცენარს უკრაინისთვის. ანუ შეეცდება გამყოფი ხაზის გავლებას ჩვენი ქვეყნის არაოკუპირებულ და ოკუპირებულ რეგიონებს შორის. ფაქტობრივად, ესაა ჩრდილოეთ და სამხრეთ კორეის შექმნის მცდელობა უკრაინაში. მთელი სახელმწიფოს შთანთქმა მას ნამდვილად არ ძალუძს“, — განაცხადა ბუდანოვმა.

მისი აზრით, რუსეთი შეეცდება, ოკუპირებული ტერიტორიები ერთ კვაზისახელმწიფოებრივ ფორმირებაში გაერთიანებას, რომელიც დამოუკიდებელ უკრაინას დაუპირისპირდება.

„ჩვენ უკვე ვხედავთ ოკუპირებულ ტერიტორიებზე „პარალელური“ ხელისუფლების შექმნის მცდელობას და ხალხს აიძულებენ, უარი თქვან გრივნაზე. მათ შეიძლება მოინდომონ ამაზე მოლაპარაკება საერთაშორისო დონეზეც“, — თქვა მან.

ბუდანოვის თქმით, რუსეთისთვის კვლავ აქტუალურია ყირიმამდე სახმელეთო დერეფნის მოწყობა, მაგრამ ამ გეგმის განსახორციელებლად არის მთავარი პრობლემა ურღვევი მარიუპოლია.

რუსეთის თავდაცვის სამინისტრომ განაცხადა, რომ უკრაინაში მიმდინარე სამხედრო კამპანიის “პირველი ეტაპის” ამოცანები დიდწილად შესრულებულია და ახლა ის ქვეყნის აღმოსავლეთში მდებარე დონბასის რეგიონის “გათავისუფლებაზე” ფოკუსირდება.

თუმცა ამერიკული Critical Threats Project-ის თანახმად, რომელიც უკრაინაში ომის ქრონოლოგიას და ანალიზს აწარმოებს, რუსეთის მოქმედებები კიევის ირგვლივ არ აჩვენებს ცვლილებას უმაღლესი სარდლობის პრიორიტეტებში უკრაინის დედაქალაქის ირგვლივ ბრძოლაში და მათ არ დაუწყიათ კიევიდან ან სხვა ადგილებიდან ძალების გადანაწილება დონბასში ბროლებზე კონცენტრირებისთვის.

Critical Threats Project-ის ანალიზის თანახმად, რუსეთის ჯარები სავარაუდოდ, უახლოეს დღეებში ორ ნაწილად გაყოფენ ქალაქ მარიუპოლს და საბრძოლო ძალის რაოდენობა და მდგომაროება, რომელიც რუსეთს დარჩება ქალაქის დაცემის შემდეგ/შემთხვევაში, განსაზღვრავს, ექნებათ თუ არა უკრაინის აღმოსავლეთში განახლებული ფართომასშტაბიანი შეტევითი ოპერაციების ძალები.

ამასთან, უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის ცნობით, რუსი სამხედროები ცდილობენ გადაეწყონ და დაბლოკონ კიევი სამხრეთ-დასავლეთ მიმართულებიდან.

„არ არის გამორიცხული, რომ ჯარების გადაჯგუფებისა და გაძლიერების შემდეგ, ოკუპანტებმა განაახლონ მოქმედებები კიევის სამხრეთ-დასავლეთის მიმართულებიდან ბლოკირების მიზნით“, – აცხადებს უკრაინის გენშტაბი.

 

მასალების გადაბეჭდვის წესი