ლუგანსკის ე.წ. სახალხო რესპუბლიკაში რუსეთის შემადგენლობაში შესვლის თაობაზე, შესაძლოა, რეფერენდუმი გაიმართოს.
ამის შესახებ ლუგანსკის ე.წ. სახალხო რესპუბლიკის ხელმძღვანელმა ლეონიდ პასეჩნიკმა განაცხადა.
„ვფიქრობ, რომ უახლოეს მომავალში რესპუბლიკის ტერიტორიაზე ჩატარდება რეფერენდუმი, რომელზეც ხალხი გამოიყენებს თავის აბსოლუტურ კონსტიტუციურ უფლებას და გამოთქვამს აზრს რუსეთის ფედერაციაში გაწევრიანების შესახებ. რატომღაც დარწმუნებული ვარ, რომ ეს მოხდება. ასეც იყოს“, – განუცხადა პასეჩნიკმა ჟურნალისტებს.
რუსეთმა 22 თებერვალს ცნო დონეცკისა და ლუგანსკის ე.წ. რესპუბლიკების დამოუკიდებლობა, 24 თებერვალს კი უკრაინაში სრულმასშტაბიანი ინტერვენცია დაიწყო.