ახალი ამბები

თბილისში უკრაინიდან ჩამოსული მოსწავლეებისთვის უკრაინულენოვანი სექტორი გაიხსნება — სამინისტრო

26 მარტი, 2022 • 1212
თბილისში უკრაინიდან ჩამოსული მოსწავლეებისთვის უკრაინულენოვანი სექტორი გაიხსნება — სამინისტრო

თბილისში უკრაინიდან ჩამოსული მოსწავლეებისთვის უკრაინულენოვანი სექტორი გაიხსნება. ინფორმაციას განათლების სამინისტრო ავრცელებს და დასძენს, რომ ეს პრემიერ-მინისტრის გადაწყვეტილებაა.

მთავრობის თანახმად, მოსწავლეები, რომლებიც უკრაინაში დაწყებული საომარი მოქმედებების შედეგად ვერ აგრძელებენ ზოგადი განათლების მიღებას უკრაინის სკოლებში და გამოხატავენ სურვილს, სწავლა გააგრძელონ საქართველოში, სკოლებში გამარტივებული წესით ირიცხებიან.

სამინისტროს თანახმად, ამ დროისათვის, თბილისსა და რეგიონებში, სხვადასხვა ასაკის 190 მოსწავლე უკვე ჩარიცხულია.

“უკრაინიდან ჩამოსულ ბავშვებს მანდატურის სამსახურის ფსიქოლოგები ფსიქოსოციალურ მხარდაჭერას უწევენ. მნიშვნელოვანია, რომ აღნიშნული ინფორმაციის გავრცელებისთანავე, მანდატურის სამსახურის ფსიქო-სოციალური მომსახურების ცენტრს ათობით დაინტერესებულმა პირმა მიმართა”, — ვკითხულობთ განათლების სამინისტროს განცხადებაში.

საქართველოში უკრაინის არაერთი მოქალაქე ჩამოვიდა 24 თებერვლის შემდეგ, როცა რუსეთმა უკრაინის წინააღმდეგ სრულმასშტაბიანი ომი დაიწყო. იბომბება როგორც სამხედრო ობიექტები, ისე მშვიდობიანი მოსახლეობა.

გაეროს მონაცემებით, ომის დაწყების შემდეგ უკრაინა 3.7 მილიონმა ადამიანმა დატოვა.

მასალების გადაბეჭდვის წესი