ახალი ამბები

კულება უარყოფს ერდოღანის ინფორმაციას უკრაინის რუსეთთან კონსესუსზე

25 მარტი, 2022 • 2157
კულება უარყოფს ერდოღანის ინფორმაციას უკრაინის რუსეთთან კონსესუსზე

უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრმა დმიტრო კულებამ უარყო თურქეთის პრეზიდენტ რეჯეფ თაიფ ერდოღანის ინფორმაცია, რომლის მიხედვითაც, უკრაინამ რუსეთთან კონსენსუსს მიაღწია  6 სადავო საკითხიდან 4-ზე.

„არანაირი კონსენსუსი არ არის მიღწეული რუსეთთან იმ ოთხ საკითხთან დაკავშირებით, რომელიც თურქეთის პრეზიდენტმა დაასახელა. განსაკუთრებით, სახელმწიფო ენასთან დაკავშირებით — უკრაინაში ერთადერთი სახელმწიფო ენა უკრაინულია და ეს ასე დარჩება. ზოგადად, უადგილოა მოლაპარაკებათა საკითხების ოთხ ძირითად ან ნებისმიერი რაოდენობის საკითხად კლასიფიცირება“ — განუცხადა კულებამ „უკრაინსკა პრავდას“.

დღეს, 25 მარტს, ერდოღანმა განაცხადა, რომ უკრაინა მზადაა, რუსეთის მიერ წამოყენებული 6 პირობიდან 4-ზე მიაღწიოს შეთანხმებას.

როგორც თურქეთის პრეზიდენტმა აღნიშნა, პირველი საკითხი ეხება უკრაინის მხრიდან ნატოზე უარს, მეორე- სახელმწიფო ენად რუსულის გამოცხადებას. ერდოღანისვე თქმით, უკრაინა მზად არის, გარკვეულ დათმობაზე წავიდეს „დემილიტარიზაციის“ მიმართულებით. ასევე, უკრაინამ აჩვენა „პოზიტიური დამოკიდებულება“ კოლექტიური უსაფრთხოების საკითხთან დაკავშირებით არსებული წუხილების მიმართ.

თურქეთის პრეზიდენტის განცხადებით, ორი საკითხი, რომელსაც უკრაინა არ თანხმდება, არის ანექსირებული ყირიმის დათმობა რუსეთისათვის, ასევე, ლუგანსკისა და დონეცკის ოლქების დამოუკიდებლობის აღიარება.

რუსეთსა და უკრაინას შორის სამშვიდობო მოლაპარაკებების პროცესში რაიმე სახის კონსენსუსი უარყო მოლაპარაკებებში რუსეთის წარმომადგენელმა ვლადიმერ მედინსკიმ, რომელსაც მოლაპარაკების პროცესს „წყლის ნაყვა“ უწოდა.

 

მასალების გადაბეჭდვის წესი