სამოქალაქო მოძრაობა “სირცხვილიას” ინფორმაციით, 7 მარტს გამართული უკრაინის სოლიდარობის აქციის ოთხი მონაწილე სასამართლომ დღეს, 25 მარტს დააჯარიმა. მათგან ერთს, თათია მელიქიშვილს სასამართლომ 2 000-ლარიანი, ხოლო დანარჩენებს 2 200-ლარიანი ჯარიმები შეუფარდა.
2 200 ლარით დააჯარიმეს მარიამ გეგუჩაძე, გვანცა პერტია და ლიკა ლომიძე.
აქციის მონაწილეები წვრილმანი ხულიგნობისთვის, ასევე, სამართალდამცავი ორგანოს თანამშრომლის კანონიერი მოთხოვნისადმი დაუმორჩილებლობის ან ამ პირის მიმართ სხვა კანონსაწინააღმდეგო ქმედების განხორციელებისთვის დააჯარიმეს.
როგორც დაჯარიმებულების ადვოკატმა გიორგი მახარაძემ უთხრა “ნეტგაზეთს”, სასამართლო მათ ედავებოდა 7 მარტის აქციაზე პოლიციელებისთვის ფქვილის შეყრის ნაწილში. დაცვის მხარის პოზიცია კი იყო, რომ ეს აქტი გამოხატვის თავისუფლებაში ჯდებოდა, რადგან აქტივისტებს ფქვილი პირდაპირ პოლიციელებისთვის არ შეუყრიათ:
„განზრახვა არა პოლიციელების შეურაცხყოფა, არამედ მთავრობის პოლიტიკის მიმართ პოზიციის დაფიქსირება იყო”, – განმარტა ადვოკატმა.
“სირცხვილიამ” დაჯარიმებული აქტივისტებისთვის ფულის შეგროვება დაიწყო.