Reiters წყაროზე დაყრდნობით აცხადებს, რომ უკრაინაში რუსული რაკეტების 60%-მდე სამიზნეს ვერ ხვდება, ან/და ჩამოვარდნის შემდეგ არ ფეთქდება, რაც შესაძლოა ერთ-ერთი მიზეზი იყოს, რატომ ვერ მიიწევს რუსული ძალები წინ.
ექსპერტები, რომლებიც ამ თემაზე გამოცემას ესაუბრნენ, აცხადებენ, რომ ზოგადად ცდომილება, რომელიც 20%-ს აჭარბებს, მაღალ მაჩვენებლად მიიჩნევა. აღნიშნულთან დაკავშირებით საპასუხო კომენტარის მოპოვებას Reuter კრემლთან შეეცადა, თუმცა, მათი თქმით, კრემლის პრესსპიკერმა დმიტრი პესკოვმა საკითხის კომენტირება არ ისურვა.
გამოცემა წერს, რომ ბოლო დღეებში რუსეთის თავდაცვის სამინისტრომ საუბარი წარუმატებელ სარაკეტო იერიშებზე რუსეთის წინააღმდეგ პროპაგანდად შეაფასა.
მანამდე პენტაგონი აცხადებდა, რომ უკრაინაში შეჭრის დღიდან რუსეთმა 1 100-ზე მეტი სარაკეტო შეტევა განახორციელა. პენტაგონი ოფიციალურად არ საუბრობს, რამდენი რაკეტა მოხვდა სამიზნეს. წყაროები Reuters-ს ეუბნებიან, რომ რუსული რაკეტების უზუსტობა 50%-ს აჭარბებს, ორი მაღალჩინოსანი კი ანონიმურობის გარანტიით აცხადებს, რომ აღნიშნული 60%-საც აღწევს.
Reuters აღნიშნავს, რომ პოლონეთის საზღვართან განხორციელებული შეტევა უკრაინულ სამხედრო ბაზაზე, რომელსაც 35 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა, ერთ-ერთი ასეთი შემთხვევა იყო, როცა უზუსტობის მაღალი მაჩვენებელი დაფიქსირდა.
გამოცემა წერს, რომ რუსული აგრესიის შედეგად უკრაინაში ათასობით ადამიანი დაიღუპა, ქვეყნის 44- მილიონიანი მოსახლეობის მეოთხედი კი იძულებული გახდა, საცხოვრებელი ადგილი ან ქვეყანა დაეტოვებინა. რუსეთის ძალები უკრაინაში ბომბავენ საცხოვრებელ ტერიტორიას, სკოლებსა და საავადმყოფოებს, მათ შორის- ხარკოვში და საპორტო ქალაქ მარიუპოლში.








