ახალი ამბები

ფონ დერ ლაიენის თქმით, რუსეთი ევროპას გაზით ვეღარ დააშანტაჟებს

25 მარტი, 2022 • 1258
ფონ დერ ლაიენის თქმით, რუსეთი ევროპას გაზით ვეღარ დააშანტაჟებს

ევროკომისიის პრეზიდენტი ურსულა ფონ დერ ლაიენი აცხადებს, რუსეთის ფედერაცია, გაზის რუბლში გაყიდვის მიზნით, ცალმხრივად ვერ შეცვლის კონტრაქტის პირობებს.

„ეს იქნება ცალმხრივი გადაწყვეტილება და კონტრაქტის აშკარა დარღვევა“, – განაცხადა ფონ დერ ლაიენმა რუსეთის მოთხოვნაზე.

„ეს იქნება მცდელობა, გვერდი აუარონ სანქციებს. ჩვენ [რუსეთს] ჩვენი სანქციებისგან გვერდის ავლის ნებას არ მივცემთ“, – განაცხადა ევროკომისიის პრეზიდენტმა.

„დრო, როდესაც ენერგია ჩვენი დაშანტაჟებისთვის შეიძლებოდა გამოეყენებინათ, დასრულდა“, – განაცხადა ფონ დერ ლაიენმა.


რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა 23 მარტს, სატელევიზიო მიმართვისას განაცხადა, რომ რუსეთის ფედერაცია „არამეგობრულ“ ქვეყნებს გაზს მხოლოდ რუბლში მიჰყიდის.

მისი განცხადებით, რუსეთის მთავრობას და ცენტრალურ ბანკს ერთი კვირა აქვთ ვადა, რათა გამონახონ გზა, თუ როგორ გადაიტანონ შესაბამისი ოპერაციები რუსულ ვალუტაში, რის შემდეგაც „გაზპრომი“ ცვლილებებს შეიტანს კონტრაქტებში.

„გაზპრომის“ მონაცემებით, მისი გაყიდვების 58%-ის ანაზღაურება ხორციელდება ევროში, 39% – დოლარში, 3%-ისა კი – გირვანქა სტერლინგში.

რუსეთი ევროპის გაზის მოხმარების დაახლოებით 40%-ს აკმაყოფილებს – „როიტერსის“ ცნობით, დღიურად, ევროპული ქვეყნები 200-დან 800 მილიონამდე ევროს ეკვივალენტს უხდიან მოსკოვს ევროსა და დოლარში.

გირჩევთ, წაიკითხოთ „ნეტგაზეთის“ სტატია, საიდანაც გაიგებთ, რა მიზანი აქვს ამ გადაწყვეტილებას, რა შედეგს მოიტანს და რას უპასუხებენ მას ევროპელი იმპორტიორები.

მასალების გადაბეჭდვის წესი