უკრაინის ჯარს ამჟამად იმაზე მეტი ტანკი აქვს, ვიდრე ომის დაწყებამდე ჰქონდა – იუწყება ფორბსი. ამის მიზეზი რუსული მხარისგან ბრძოლაში მოპოვებული დიდი რაოდენობით ჯავშანტექნიკაა.
როგორც Forbes წერს, 23 თებერვლის ღამიდან დღემდე უკრაინამ ბრძოლაში, სულ მცირე, 74 ტანკი დაკარგა, თუმცა სანაცვლოდ 117 რუსული ტანკის ხელში ხელში ჩაგდება მოახერხეს. გამოცემა წერს, რომ აქედან გამომდინარე, შესაძლოა, უკრაინელებს იმაზე მეტი ჯავშანტექნიკა ჰქონდეთ არსენალში, ვიდრე ეს ომის დაწყებამდე იყო. თუმცა უცნობია, უკრაინის ძალების მიერ ხელში ჩაგდებული ტანკებიდან რამდენია საბრძოლო მდგომარეობაში, სჭირდება თუ არა რემონტი და ა.შ. უკრაინელების სასარგებლოდ ის ფაქტორი მოქმედებს, რომ რუსული ტანკების გამოყენება იციან, რადგან სკუთარ არმიაშიც აქვს, რუსების მსგავსად, მოდიფიცირებული საბჭოთა ტანკები.
Forbes-ის განცხადებით, რუსეთმა, სულ მცირე, 37 უკრაინული ტანკის ხელში ჩაგდება მოახერხა. ეს იმ ფონზე, როცა რუსეთის ჯარმა, გამოცემის ცნობით, უკრაინაში შეჭრის დღიდან 274 ტანკი დაკარგა ან გაუნადგურეს.
გამოცემა აღნიშნავს, რომ რუსული მხარის მიერ დაკარგული ტანკების ეს რაოდენობა მიანიშნებს იმაზე, რომ შეუპოვარი მეტოქის წინააღმდეგ ინტენსიური ბრძოლისთვის საკმარისად მომზადებული არ იყვნენ. ასევე, ხაზს უსვამს, ზოგადად, ომში თავდაცვითი პოზიციის უპირატესობას თავდასხმითთან შედარებით.
Forbes-აღნიშნავს, რომ რუსულ ძალებს სუსტი მომარაგების ჯაჭვი აქვთ და ბევრი ტანკი საწვავის გამოლევის გამოც მიატოვეს. მეორე მხრივ კი, უკრაინის ძალები ძირითადად საკუთარ ქალაქებთან ახლოს იბრძვიან და მომარაგების ჯაჭვებიც გამართული აქვთ.








