კრემლის პრესსპიკერი დმიტრი პესკოვი ჟურნალისტებთან საუბრისას აცხადებს, რომ რუსეთის თავდაცვის მინისტრს, სერგეი შოიგუს „ბევრი საქმე აქვს“.

შოიგუს ადგილსამყოფლის შესახებ კითხვები მას შემდეგ გაჩნდა, რაც 11 მარტის შემდეგ საჯაროდ არ გამოჩენილა. როგორც, mk.ru წერს, პესკოვმა ჟურნალისტებს განუცხადა, რომ „ახლა მედიააქტივობების დრო არ არის“.

გამოცემის ცნობით, ჟურნალისტებმა პესკოვს ასევე ჰკითხეს შოიგუს ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ, ვინაიდან სოციალურ ქსელებში გავრცელდა ინფორმაცია, რომ მას გული აწუხებს. პესკოვის თქმით, ამგვარ ინფორმაციებს ადამიანები არ უნდა ენდონ.

რუსეთი უკრაინაში 24 თებერვალს, გამთენიისას შეიჭრა და მას შემდეგ განუწყვეტლივ ბომბავს როგორც სამხედრო ობიექტებს, ისე მშვიდობიან მოსახლეობას. შეჭრას წინ უძღოდა რუსეთის პრეზიდენტის მიერ უკრაინის სეპარატისტული დონეცკისა და ლუგანსკის დამოუკიდებლობის აღიარება.