ახალი ამბებისამხრეთ კავკასიის ამბები

ცხინვალი: ჰააგასთან თანამშრომლობას 2008 წლის ომის საქმეზე არ ვაპირებთ

22 მარტი, 2022 •
ცხინვალი: ჰააგასთან თანამშრომლობას 2008 წლის ომის საქმეზე არ ვაპირებთ

ცხინვალი რამდენიმე კვირის დაგვიანებით გამოეხმაურა ჰააგის სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს პროკურორის მიმართვას დე ფაქტო სამხრეთ ოსეთის სამი ყოფილი მაღალჩინოსნის დაკავების განჩინებასთან დაკავშირებით.

“სამხრეთ ოსეთის ხელისუფლება პრინციპულად გამორიცხავს სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოსთან თანამშრომლობას, რომელიც აბსოლუტურად პოლიტიკური ანგაჟირებულობით იძიებს 2008 წლის აგვისტოს მოვლენებს”, – ვკითხულობთ ოსური მხარის განცხადებაში.

ცხინვალის განცხადებითვე, სწორედ იმ თანამდებობის პირებმა, ვის შესაძლო დაკავებაზეცაა საუბარი, საბრძოლო მოქმედებების დროს უზრუნველყვეს ქართული მხარისთვის სამხედრო ტყვეებისა და მშვიდობიანი მოქალაქეების უსაფრთხო გადაცემა.

ცხინვალი გაკვირვებას გამოხატავს იმასთან დაკავშირებითაც, რომ საერთაშორისო სასამართლო არ აწარმოებს პროცესუალურ მოქმედებებს ქართველი სამხედრო და თანამდებობის პირების მიმართ.

“საერთაშორისო ურთიერთობებში სერიოზული კრიზისის ფონზე, როგორც ჩანს, სასამართლომ გადაწყვიტა გამოცოცხლდეს და საკუთარი წვლილი შეიტანოს ევროპული სამართლიანობის საბოლოო დისკრედიტაციის საქმეში”.


2022 წლის 10 მარტს ჰააგის სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს პროკურორმა მიმართა დე ფაქტო სამხრეთ ოსეთის სამი ყოფილი მაღალჩინოსნის დაკავების განჩინების გამოცემის შუამდგომლობით. ჰააგის სასამართლოს მიერ გამოქვეყნებული ინფორმაციის თანახმად, აგვისტოს ომის დროს ქართველი სამოქალაქო ტყვეების წამებისა და არასათანადო მოპყრობის ეპიზოდზე სასამართლოს პროკურორმა დაკავების ბრძანებები გამოსცა 3 ბრალდებულის მიმართ:

  • გენერალ-ლეიტენანტი მიხაილ მინძაევი, 2005 წელს დაინიშნა სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო ადმინისტრაციის შინაგან საქმეთა მინისტრად  2008 წლის 31 ოქტომბრამდე;
  • გამლეტ გუჩმაზოვი, აგვისტოს ომის დრო სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო შინაგან საქმეთა სამინისტროს წინასწარი დაკავების დაწესებულების უფროსი;
  • დავით სანაკოევი, სამხრეთ ოსეთის პრეზიდენტის დე ფაქტო წარმომადგენელი ადამიანის უფლებათა საკითხებში, ასევე ცნობილი როგორც „ომბუდსმენი“ აგვისტოს ომის მოვლენების დროს.

გამოძიების ფარგლებში, აგრეთვე, გამოკვეთილია აწ გარდაცვლილი ვიაჩესლავ ბორისოვის (მითითებულ პერიოდში რუსეთის ფედერაციის შეიარაღებული ძალების გენერალ-მაიორი და საჰაერო ძალების მეთაურის მოადგილე) როლი, რომელმაც, გამოძიების ვარაუდით, განზრახ ხელი შეუწყო ზემოხსენებული დანაშაულების ჩადენას.

ჰააგის პროკურორი აგვისტოს ომის საქმეზე სამი ოსი მაღალჩინოსნის დაკავებას ითხოვს

მასალების გადაბეჭდვის წესი