უკრაინის შინაგან საქმეთა მინისტრის მრჩეველი ანტონ გერაშენკო აცხადებს, რომ რუსეთის ფედერაციის შეიარაღებული ძალების წარმომადგენელი, რომელიც მარიუპოლის ბლოკადას ხელმძღვანელობს, არის გენერალ-პოლკოვნიკი მიხაილ მიზინცევი.
ანტონ გერაშენკოს განცხადებით, სწორედ გენერალმა მიზინცევმა გასცა მარიუპოლში სამშობიაროსა და თეატრის დაბომბვის ბრძანება.
გერაშენკოს ცნობითვე, მიზინცევი ხელმძრვანელობდა სირიის სამხედრო ოპერაციას.
„სწორედ ის ანგრევს მარიუპოლს, როგორც ანადგურებდა სირიის ქალაქებს“, – წერს გერაშენკო ტელეგრამზე.
მიზინცევი რუსეთის თავდაცვის მართვის ეროვნული ცენტრის დირექტორია.
სწორედ მიხაილ მიზინცევი იყო ის პირი, რომელმაც 20 მარტს უკრაინას ულტიმატუმი გამოუცხადა მარიუპოლის დანებებაზე, რაზეც უარი მიიღო.
მარიუპოლის მისადგომებთან ბრძოლები გრძელდება.
რატომაა მნიშვნელოვანი მარიუპოლი
საქართველოს თავდაცვის ძალების ყოფილი მეთაურის, გენერალ-ლეიტენანტის ვლადიმერ ჩაჩიბაიას განცხადებით, მარიუპოლს ორივე მხარისთვის დიდი მნიშვნელობა აქვს.
„მარიუპოლში არის საზღვაო პორტი, თუმცა მაშინ, როდესაც ყირიმისა და ქერჩის ნახევარკუნძულებს აკონტროლებს რუსეთი, აზოვის ზღვა და ,შესაბამისად, მარიუპოლის პორტი მნიშვნელობას კარგავს. მარიუპოლს რუსეთისთვის ის დანიშნულება აქვს, რომ ყირიმამდე სახმელეთო გზის გაერთიანება სურს.
მეორეც, რუსეთი ვერ განავითარებს შეტევას სხვა მიმართულებით, სანამ მას ზურგში, ანუ მარიუპოლში პრობლემები აქვს. ამიტომ ამ ქალაქის აღებას აქვს მნიშვნელობა არა მხოლოდ სამხედრო, არამედ რესურსების კუთხითაც, რადგან მარიუპოლის აღებით გამოთავისუფლდება გარკვეული ძალები სამომავლო შეტევისათვის. ამ ქალაქის აღების შემთხვევაში გამოჩნდება შეტევის ახალი მიმართულებები, რომელიც რუსეთს მანევრის ახალ გზებს გაუჩენს“, – განუცხადა ვლადიმერ ჩაჩიბაიამ ნეტგაზეთს.