ახალი ამბები

რუსეთის სასამართლომ Facebook და Instagram ექსტრემიზმის მოტივით აკრძალა

21 მარტი, 2022 • 985
რუსეთის სასამართლომ Facebook და Instagram  ექსტრემიზმის მოტივით აკრძალა

მოსკოვის სასამართლომ ექსტრემიზმის მოტივით რუსეთში აკრძალა სოციალური ქსელების, Facebook-ისა და Instagram-ის მუშაობა. სასამართლომ მოითხოვა გადაწყვეტილების დაუყოვნებლივ შესრულება. ამის შესახებ ინფორმაციას რუსული სახელისუფლებო მედიასაშუალება RIA ავრცელებს.

აღნიშნული სერვისების მფლობელ კომპანია “მეტას” ექსტრემისტულად ცნობის თაობაზე სარჩელი გენერალურმა პროკურატურამ შეიტანა. უწყებამ განმარტა, რომ ამ გზით სურს რუსების უფლებების შემდგომი დარღვევისგან მათი დაცვა.

პროკურატურა ამტკიცებს, რომ Instagram-მა უგულებელყო უკრაინაში “რუსეთის სპეცოპერაციის” და არასანქცირებული მიტინგების შესახებ გავრცელებული ინფორმაციის წაშლის 4.5 ათასზე მეტი მოთხოვნა. უწყება მიიჩნევს, რომ “ექსტრემისტული ინფორმაცია” ემუქრება როგორც კერძო პირებს, ასევე, სრულიად საზოგადოებას, კომპანიამ კი საკუთარი წესები დაარღვია, როდესაც “დაუშვა რუსი სამხედროების მკვლელობისკენ მოწოდებები”.

RIA-ს ინფორმაციით, მოსამართლის გადაწყვეტილება არ ეხება WhatsApp-ს, რომლის მფლობელიც ასევე არის კომპანია “მეტა”.

ასევე ნახეთ:

რუსეთში FB დაბლოკეს, თუმცა სახელმწიფო უწყებების ნაწილი მას მაინც იყენებს

მასალების გადაბეჭდვის წესი