სახალხო დამცველი ნინო ლომჯარია უკრაინაში ჩასვლას განიხილავს.
მისი თქმით, უკრაინაში ჩასვლის საკითხს იდეის და მონახაზის დონეზე უკრაინელ კოლეგებთან განიხილავს.
„დღეს გავრცელდა ინფორმაცია უკრაინაში ჩემს შესაძლო ვიზიტთან დაკავშირებით. ომის დაწყების დღიდან ვფიქრობ, როგორ შეიძლება გამოვხატო სოლიდარობა უკრაინელი ხალხის და მათი სახელმწიფოს მიმართ. ერთ-ერთი საკითხია ვიზიტი უკრაინაში, რომელიც იდეის და მონახაზის დონეზე განიხილება ჩვენ უკრაინელ კოლეგებთან. უსაფრთხოების ინტერესებიდან გამომდინარე, ბუნებრივია, მეტ დეტალზე არ და ვერ ვისაუბრებ. წარმატებები უკრაინას და გმირ უკრაინელ ხალხს“, – წერს ლომჯარია სოციალურ ქსელში.
დღეს, 18 მარტს, უკრაინის სახალხო დამცველმა ლუდმილა დენისოვამ „ფორმულასთან“ განცხადა, რომ ნინო ლომჯარია უკრაინაში გამგზავრებას გეგმავს და ამ ეტაპზე უსაფრთხოების საკითხების დაზუსტება მიმდინარეობს.
“მე დღეს მივიღე შეტყობინება, რომ მას სურვილი აქვს ჩამოვიდეს უკრაინაში. ეს უპირველეს ყოვლისა ეხება მის უსაფრთხოებას. ჩვენ ძალიან დიდ მადლობას ვუხდით მხარდაჭერისთვის, რომელიც მან გამოხატა ჩვენ მიმართ”, – განაცხადა დენისოვამ.
უკვე 23-ე დღეა, რაც რუსეთი უკრაინაში შეიჭრა და სრულმასშტაბიანი ომი დაიწყო. რუსეთმა დაბომბა ქალაქებიც, დაღუპულია ასობით მშვიდობიანი მოქალაქე. ძირითადად ევროკავშირის ქვეყნების მიმართულებით ქვეყანა დატოვა 3 მილიონზე მეტმა ადამიანმა. ეს არის მეორე მსოფლიო ომის შემდეგ ევროპაში ყველაზე მასშტაბური და სწრაფი ლტოლვილთა კრიზისი.
უკრაინის დასახმარებლად არაერთი ქვეყნიდან ჩავიდნენ მოხალისეები, რომელთა ნაწილი ყოფილი სამხედროა, ხოლო ნაწილს საბრძოლო გამოცდილება არ აქვს. რუსეთი ყოველდღე ბომბავს ქალაქებსა და დასახლებულ პუნქტებს – სახლებს, სკოლებს, საავადმყოფოებს. დაღუპულია ასობით მშვიდობიანი მოქალაქე, მათ შორის, ბავშვები.