კიევში, პოდოლსკის რაიონში, საცხოვრებელი უბნის დაბომბვას 1 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა, 19 კი დაშავდა — მათ შორის 4 ბავშვია. ამის შესახებ ინფორმაციას კიევის მერი, ვიტალი კლიჩკო ავრცელებს.
მისი თქმით, გასულ ღამეს კიევის პოდოლსკის რაიონში რუსეთმა 6 საცხოვრებელი კორპუსი და სკოლა დაბომბა.
უკვე 23-ე დღეა, რაც რუსეთი უკრაინაში შეიჭრა და სრულმასშტაბიანი ომი დაიწყო. რუსეთმა დაბომბა ქალაქებიც, დაღუპულია ასობით მშვიდობიანი მოქალაქე. ძირითადად ევროკავშირის ქვეყნების მიმართულებით ქვეყანა დატოვა 3 მილიონზე მეტმა ადამიანმა. ეს არის მეორე მსოფლიო ომის შემდეგ ევროპაში ყველაზე მასშტაბური და სწრაფი ლტოლვილთა კრიზისი.
უკრაინის დასახმარებლად არაერთი ქვეყნიდან ჩავიდნენ მოხალისეები, რომელთა ნაწილი ყოფილი სამხედროა, ხოლო ნაწილს საბრძოლო გამოცდილება არ აქვს. რუსეთი ყოველდღე ბომბავს ქალაქებსა და დასახლებულ პუნქტებს – სახლებს, სკოლებს, საავადმყოფოებს. დაღუპულია ასობით მშვიდობიანი მოქალაქე, მათ შორის, ბავშვები.