ახალი ამბები

ჩვენი ინფორმაციით, „ფორმულაზე“ თავდამსხმელი დაკავებულია – მედიაკოალიცია

17 მარტი, 2022 • 2202
ჩვენი ინფორმაციით, „ფორმულაზე“ თავდამსხმელი დაკავებულია – მედიაკოალიცია

კოალიცია „მედიის ადვოკატირებისთვის“ აცხადებს, რომ მათი ინფორმაციით, „ფორმულას“ გადამღებ ჯგუფზე თავდასხმელი დაკავებულია.

„ჩვენი ინფორმაციით, დაკავებულია თავდამსხმელი პირი და დაშავებულები გამოკითხვაზე იმყოფებიან“, – წერს მედიაკოლიცია.

ტელეკომპანია „ფორმულა“ აცხადებს, რომ თბილისში, ვაკეში, ირაკლი აბაშიძის ქუჩაზე მდებარე ერთ-ერთ კაფეში ინტერვიუს ჩაწერისას ტელეარხის გადამღებ ჯგუფს თავს დაესხნენ.

ტელეკომპანია რეპორტიორზე, ნანო ჩაკვეტაძე დაყრდნობით წერს, რომ ჟურნალისტები კაფესთან შეთანხმებულად წერდნენ რესპონდენტს, რა დროსაც ერთ-ერთმა იქ მყოფმა სტუმარმა ფორმულას თანამშრომლის მიმართ აგრესია გამოხატა.

„სტუმარმა აგრესია მას შემდეგ გამოხატა, რაც გაიგო, რომ გადამღები ჯგუფი ფორმულადან იყო. ნაცემია ფორმულას 2 ოპერატორი, ფიზიკური დაზიანებები აქვს ნანო ჩაკვეტაძესაც“, – იუწყება ტელეარხი.

სპეციალურმა საგამოძიებო სამსახურმა გამოძიება დაიწყო სისხლის სამართლის კოდექსის 154-ე მუხლით, რაც ჟურნალისტურ საქმიანობაში უკანონოდ ხელის შეშლას გულისხმობს.

კოალიცია მიიჩნევს, რომ „ფორმულას“ გადამღებ ჯგუფზე თავდასხმა წარმოადგენს მედიის მიმართ გამოხატული აგრესიის შედეგს და „წახალისებულია ჟურნალისტების წინააღმდეგ ჩადენილ არაერთ დანაშულზე არასათანადო რეაგირებით“.

მედიაკოალიცია მოუწოდებს საგამოძიებო სამსახურს, ჩაატაროს „სწრაფი და ეფექტიანი გამოძიება“.

მასალების გადაბეჭდვის წესი