ახალი ამბები

პარლამენტმა საზმაუს ბორდის 3 წევრი უნდა აირჩიოს

17 მარტი, 2022 • 1356
პარლამენტმა საზმაუს ბორდის 3 წევრი უნდა აირჩიოს

საქართველოს პარლამენტმა საზოგადოებრივი მაუწყებლის სამეურვეო საბჭოს წევრობის კანდიდატების შესარჩევად ღია კონკურსი გამოაცხადა.

17 მარტით დათარიღებულ ბრძანებაში, რომელსაც პარლამენტის თავმჯდომარე, შალვა პაპუაშვილი აწერს ხელს, წერია, რომ პარლამენტმა საზოგადოებრივი მაუწყებლის სამეურვეო საბჭოს წევრობის 3 კანდიდატი უნდა შეარჩიოს.

როგორც ბორდის წევრმა, ზაზა აბაშიძემ განუცხადა „ნეტგაზეთს“, მისი ინფორმაციით, უფლებამოსილების ვადა გასდის ბორდის სამ წევრს, რომლებიც 2016 წელს აირჩიეს:

  1. ბორდის თავმჯდომარეს, ირინა ფუტკარაძეს, რომელიც სახალხო დამცველის კვოტით იყო არჩეული;
  2. ირაკლი პაპავას, რომელიც „ქართული ოცნების“ კვოტით იყო არჩეული
  3. გია ნიჟარაძეს, რომელიც ოპოზიციის კვოტით აირჩიეს.

პარლამენტის თავმჯდომარის ბრძანების თანახმად, ბორდის წევრობის კანდიდატი უნდა იყოს:

  • საქართველოს მოქალაქე;
  • საზოგადოებრივი აღიარებისა და ნდობის მქონე პირი;
  • უნდა ჰქონდეს მაგისტრის ან მასთან გათანაბრებული აკადემიური ხარისხი;
  • მუშაობის 10- წლიანი გამოცდილება, მათ შორის, სულ ცოტა, 5 წლისა – ჟურნალისტიკის, ადამიანის უფლებათა დაცვის, საფინანსო, ელექტრონული კომუნიკაციების, სახელოვნებო, სამწერლო ან/და სამეცნიერო-პედაგოგიურ სფეროში.

განაცხადები პირველ აპრილამდე მიიღება.

მასალების გადაბეჭდვის წესი