საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა პოლონელ კოლეგა მატეუშ მორავიეცკისთან ერთობლივ ბრიფინგზე განაცხადა, რომ 2008 წლის აგვისტოს ომის შემდეგ რუსეთისთვის სანქციები არც საერთაშორისო საზოგადოებას და არც საქართველოს ხელისუფლებას არ დაუწესებია.
„მინდა სინანულით გავიხსენო და შევახსენო ყველას, რომ სამწუხაროდ, აგვისტოს ომის შემდეგ რუსეთის მიმართ არავითარი სანქციები დაწესებულა მაშინდელი მსოფლიო ლიდერების მხრიდან“, — თქვა ღარიბაშვილმა.
მან გაიხსენა პოლონეთის პრეზიდენტ ლეხ კაჩინსკის მოწოდებები დასავლელი ლიდერებისადმი, რომ მიეღოთ მკვეთრი და თამამი გადაწყვეტილებები საქართველოს ევროინტეგრაციასთან დაკავშირებით.
„რაც ჩვენ ვნახეთ აგვისტოს ომის შემდეგ, ჩვენ ვნახეთ განახლებული პოლიტიკა რუსეთის მიმართ, ახალი სავაჭრო-ეკონომიკური პროექტები და არავითარი სანქცია. კიდევ ერთხელ მინდა გავიმეორო, სამწუხაროდ. უფრო მეტიც, სამწუხაროდ, მაშინდელმა ჩვენმა, ქართულმა ხელისუფლებამაც კი არ დაუწესა სანქციები რუსეთს, მხოლოდ დიპლომატიური ურთიერთობები გაწყდა. პირიქით, მაშინდელმა ხელისუფლებამ რუსეთს, სახელმწიფო კომპანიებს გადასცა, მიჰყიდა სტრატეგიული ენერგეტიკული ობიექტები, ცალმხრივად მოუხსნა სავიზო რეჟიმი რუსეთის მოქალაქეებს და მხარი დაუჭირა რუსეთის სავაჭრო ორგანიზაციაში გაწევრიანებას. ეს ყველაფერი მოხდა ომის შემდეგ“, — განაცხადა ღარიბაშვილმა.
პრემიერ-მინისტრის თქმით, შედეგად, საქართველო დღესაც ოკუპირებულია, სტატუს-კვო არ შეცვლილა, ქვეყნის 20% ოკუპირებულია.
„ჩვენ ყოველდღიურ რეჟიმში გვიწევს გამკლავება ოკუპაციასთან, გამოწვევასთან, რომელიც დაკავშირებულია ბორდერიზაციასთან. ჩვენი მოქალაქეების გატაცება მიმდინარეობს, მათი ციხეებში ჩასმა დროებით. სამწუხაროდ, გვაქვს ბევრი ტრაგიკული ფაქტებიც, მათი მოკვლის თუ გარდაცვალების. ეს არის ის რეალობა, რომელიც არის შექმნილი ჩვენს ქვეყანაში აგვისტოს ომის შემდეგ. შესაბამისად, ჩვენ კარგად ვაცნობიერებთ, თუ რამხელა რისკებს… რამხელა ტრაგედია მიმდინარეობს ახლა უკრაინაში“, — დასძინა ირაკლი ღარიბაშვილმა.
მას შემდეგ, რაც უკრაინაში ფართომასშტაბიანი ომის დაწყების გამო დასავლურმა სახელმწიფოებმა რუსეთს სანქციები დაუწესეს, საქართველოს ხელისუფლებამ არაერთხელ განაცხადა, რომ სანქციებს არ შეუერთდება. ირაკლი ღაბაშვილმა თქვა: „უკრაინის დედაქალაქი იბომბება და ამის შემჩერებელი დღეს არავინ არ არის. ვთქვათ პირდაპირ, რომ სანქციები არ არის ეფექტური საშუალება“. მოხალისეებისთვის უკრაინაში გამგზავრებაში ხელის შეშლასთან ერთად, სანქციებთან დაკავშირებიღ „ამორალური პოზიცია“ იყო ერთ-ერთი საკითხი, რომელიც უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ საქართველოდან ელჩის გაწვევის მიზეზად დაასახელა.
სანქციებს არ შევუერთდებით და ამ პოზიციას ვერავინ შეგვაცვლევინებს – კობახიძე