ახალი ამბები

საქართველოში დარჩენილი რუსეთის მოქალაქეების რაოდენობა 12-ჯერ გაიზარდა — გომელაური

17 მარტი, 2022 • 2062
საქართველოში დარჩენილი რუსეთის მოქალაქეების რაოდენობა 12-ჯერ გაიზარდა — გომელაური

საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის, ვახტანგ გომელაურის განცხადებით, უკრაინაში ომის დაწყების დღიდან, 24 თებერვლიდან 16 მარტის ჩათვლით, საქართველოში შემოსული ბელარუსის მოქალაქეთა რაოდენობა 10-ჯერ გაიზარდა. გარდა ამისა, 12-ჯერ გაიზარდა რუსეთის იმ მოქალაქეების რაოდენობა, რომლებიც საქართველოში შემოვიდნენ და დარჩნენ.

შინაგან საქმეთა მინისტრმა ამის შესახებ პარლამენტში დღეს, 17 მარტს ისაუბრა. მან მიმდინარე წლის 24 თებერვალი—16 მარტის სტატისტიკა შეადარა 2019 წლის იმავე პერიოდის მონაცემებს, როდესაც არც პანდემია იყო დაწყებული და არც ომი მიმდინარეობდა.

თუმცა გომელაურმა აღნიშნა, რომ წელს საქართველოში შემოსულია რუსეთის 30 439 მოქალაქე. 2019 წლის ანალოგიურ პერიოდში შემოსული იყო თითქმის ორჯერ მეტი. თუმცა, თუ მაშინ საქართველოში რუსეთის 64 008 მოქალაქე შემოვიდა, გავიდა 63 097, რაც ნიშნავს, რომ ქვეყანაში დარჩა ათასამდე ადამიანი.

გომელაურის ინფორმაციითვე, 2022 წელს საქართველოში შემოსული 30 439 მოქალაქიდან საქართველოში დარჩა 12 ათასამდე მოქალაქე.

„არ ვიცი, გავლენ ალბათ, ზოგი გუდაურშია, ბაკურიანში არიან, ზოგი თბილისშია“, – თქვა შს მინისტრმა.

გომელაურმა ასევე ისაუბრა უკრაინის მოქალაქეების საქართველოში შემოსვლაზეც. მისი თქმით, 2019 წელს ანალოგიურ დროში უკრაინიდან 9 200 ადამიანი შემოვიდა, მიმდინარე წელს კი შემოსულია 8 628 უკრაინელი.

“რაც შეეხება კონტროლს, ვმუშაობთ, ახლა უფრო მეტი კითხვები გვაქვს, რა თქმა უნდა, თავისი გაიდლაინები აქვს მესაზღვრეს, რატომ უშვებს და რატომ არა”, — თქვა გომელაურმა.

მინისტრის განმარტებით, აღნიშნულ სტატისტიკას 2019 წლის ანალოგიურ პერიოდს ადარებს, რადგან 2020-2021 წლებში პანდემიის გამო უცხოეთიდან საქართველოში ვიზიტორების რაოდენობა პანდემიის გამო იყო შემცირებული.

მასალების გადაბეჭდვის წესი