ახალი ამბები

დროულად გამოიძიეთ სამირა ბაირამოვას მიმართ მუქარის ყველა ეპიზოდი – საია საგამოძიებო ორგანოებს

17 მარტი, 2022 • 808
დროულად გამოიძიეთ სამირა ბაირამოვას მიმართ მუქარის ყველა ეპიზოდი – საია საგამოძიებო ორგანოებს

საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია მოუწოდებს საგამოწძიებო უწყებებს, ეფექტიანად გამოიძიოს სამოქალაქო აქტივისტის, სამირა ბაირამოვას მიმართ მუქარის შემცველი ეპიზოდები. აღნიშნულის შესახებ განცხადება საია-მ დღეს, 17 მარტს გამოაქვეყნა.

სამირა ბაირამოვამ 14 მარტს მარნეულში “ალტ-ინფოს” დაფუძნებული პრორუსული პოლიტიკური პარტიის ოფისის გახსნა გააპროტესტა და ოფისის ფასადზე უკრაინის და ევროკავშირის დროშები დახატა. აღნიშნულის შემდეგ სოციალურ ქსელებში ბაირამოვას ემუქრებიან, 16 მარტს კი გავრცელდა მარნეულში ჩაწერილი მუქარის შემცველი ვიდეომიმართვაც.

“ვიდეომიმართვაში ძალადობრივი ჯგუფი პარტიის სიმბოლიკის გადაღებვას რელიგიური სიმბოლოს – ჯვრის შეურაცხყოფად წარმოაჩენს, რითაც ცდილობს, პრორუსული პარტიის მიმართ გამოხატულ პროტესტს ქრისტიანულ რელიგიასთან დაპირისპირების სახე მისცეს. პარტიული დროშა/პლაკატი, რომელიც შესაძლოა ჯვრის ფორმის მოხატულობას შეიცავდეს, მას რელიგიურ სიმბოლოდ არ აქცევს. მსგავსი ინტერპრეტაცია მიუღებელი და საფრთხის შემცველია.

ამ დროისათვის ცნობილია, რომ შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 151-ე მუხლით (მუქარა) დაიწყო. თუმცა ამ ჯგუფის მიერ 5-6 ივლისს განხორციელებული ჯგუფური ძალადობის ორგანიზება და ამგვარი ქმედებისაკენ საჯაროდ მოწოდება ამ დრომდე დაუსჯელია, რაც გამოძიების მიმართ ნდობას ამცირებს და ახალისებს მოძალადე ჯგუფების ქმედებებს. პარალელურად, შინაგან საქმეთა სამინისტრომ სამირა ბაირამოვას მიმართ ადმინისტრაციული სამართალდარღვევის საქმის წარმოება დაიწყო და მის მიმართ იერსახის დამახინჯების მუხლით ოქმი შეადგინა”, – ნათქვამია საია-ს განცხადებაში.

აღნიშნულიდან გამომდინარე საია მოუწოდებს საგამოძიებო ორგანოს:

  • გაატაროს სათანადო ზომები სამირა ბაირამოვას უსაფრთხოების დასაცავად;
  • გააკეთოს მკაფიო განცხადება, რომ ძალადობრივი ჯგუფების ქმედებები არ დარჩება დაუსჯელი;
  • დროულად გამოიძიოს მუქარის შემცველი ყველა ეპიზოდი და გამოავლინოს პასუხისმგებელი პირები.

მასალების გადაბეჭდვის წესი