გაერთიანებული სამეფოს საგარეო საქმეთა მინისტრის, ლიზ ტრასის განცხადებით, არსებობს „ძალიან, ძალიან ძლიერი მტკიცებულება“ იმისა, რომ რუსეთის პრეზიდენტი, ვლადიმერ პუტინი არის ომის დამნაშავე.
ტრასმა ეს განცხადება BBC-ის რადიოსთან ინტერვიუს დროს გააკეთა.
მანამდე პუტინს ომის დამნაშავე უწოდა ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტმა, ჯო ბაიდენმა. პუტინი დამნაშავედ ცნო ამერიკის სენატმაც.
„ძალიან ძლიერი მტკიცებულებები არსებობს, რომ ჩადენილია ომის დანაშაულები და მათ უკან ვლადიმერ პუტინია“, – განაცხადა ტრასმა.
მისი განცხადებით, გაერთიანებული სამეფო აგროვებს მტკიცებულებებს, რათა ვლადიმერ პუტინმა ჩადენილი დანაშაულისთვის პასუხი აგოს.
რუსეთი უკრაინაში ომს უკვე 22-ე დღეა აწარმოებს.
ამ დროის განმავლობაში, რუსეთმა არაერთხელ დაბომბა საცხოვრებელი კორპუსები, მოკლა მშვიდობიანი, უიარაღო მოქალაქეები, დაბომბა სამშობიარო სახლები, საავადმყოფოები, საბავშვო ბაღები, სკოლები და თეატრი, სადაც თავს მშვიდობიანი მოქალაქეები აფარებდნენ.