ახალი ამბები

„დაანგრიეთ ევროპაში მშვიდობის წინააღმდეგ აგებული კედელი“ — ზელენსკიმ ბუნდესტაგს მიმართა

17 მარტი, 2022 •
„დაანგრიეთ  ევროპაში მშვიდობის წინააღმდეგ აგებული კედელი“ — ზელენსკიმ ბუნდესტაგს მიმართა

უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ ბუნდესტაგს სიტყვით მიმართა. უკრაინის პრეზიდენტი ბერლინში კიევიდან ონლაინ ჩაერთო. როგორც BBC წერს, ზელენსკიმ მიმართვაში იგივე მესჯები გაახმიანა, რაც ბრიტანეთის პარლამენტსა და აშშ-ის კონგრესში სიტყვით გამოსვლისას.

უკრაინის პრეზიდენტმა გერმანიის ლიდერებს ქმედებისკენ მოუწოდა რუსეთის აგრესიის შესაჩერებლად. ზელენსკიმ მოუწოდა გერმანიას, შეითავსოს “ლიდერის როლი, რომელსაც ის იმსახურებს”, და მოუწოდა ქვეყნის კანცლერ ოლაფ შოლცს, „დაანგრიოს მშვიდობის წინააღმდეგ რუსეთის მიერ ევროპაში აღმართული კედელი”.

ზელენსკის მიმართვას ბუნდესტაგში ოვაციებით შეხვდნენ. მან გააკრიტიკა ევროკავშირის ქვეყნები რუსეთის უკრაინაში შეჭრამდე უმოქმედობის გამო და განაცხადა, რომ სანქციებმა დაიგვიანა.

ამასთან, ზელენსკიმ ბუნდესტაგში გამოსვლისას ჰოლოკოსტზეც ისაუბრა. მისი თქმით, ყოველ წელს პოლიტიკოსები ამბობენ „აღარასოდეს“, მაგრამ ზელენსკის თქმით, ახლა ხედავს, რომ ეს სიტყვები ფუჭია – „ევროპაში ერი ნადგურდება“ – ამბობს ვოლოდიმირ ზელენსკი.

უკვე 22-ე დღეა, რაც რუსეთი უკრაინაში შეიჭრა და სრულმასშტაბიანი ომი დაიწყო. რუსეთმა დაბომბა ქალაქებიც, დაღუპულია ასობით მშვიდობიანი მოქალაქე. ძირითადად ევროკავშირის ქვეყნების მიმართულებით ქვეყანა დატოვა 3 მილიონზე მეტმა ადამიანმა. ეს არის მეორე მსოფლიო ომის შემდეგ ევროპაში ყველაზე მასშტაბური და სწრაფი ლტოლვილთა კრიზისი.

უკრაინის დასახმარებლად არაერთი ქვეყნიდან ჩავიდნენ მოხალისეები, რომელთა ნაწილი ყოფილი სამხედროა, ხოლო ნაწილს საბრძოლო გამოცდილება არ აქვს. რუსეთი ყოველდღე ბომბავს ქალაქებსა და დასახლებულ პუნქტებს – სახლებს, სკოლებს, საავადმყოფოებს. დაღუპულია ასობით მშვიდობიანი მოქალაქე, მათ შორის, ბავშვები.

მასალების გადაბეჭდვის წესი