ახალი ამბები

„გაუქმდეს გადაწყვეტილება „მედიაზონის“ ჟურნალისტის არშემოშვებაზე “ – კოალიცია

17 მარტი, 2022 • 1295
„გაუქმდეს გადაწყვეტილება „მედიაზონის“ ჟურნალისტის არშემოშვებაზე “ – კოალიცია

კოალიცია „მედია ადვოკატირებისთვის“ მოუწოდებს საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს, ბათილად ცნოს გადაწყვეტილება „მედიაზონის” ჟურნალისტ დავიდ ფრენკელისთვის საქართველოში შემოსვლაზე უარის თქმის შესახებ.

კოალიცია აღნიშნავს, რომ 2022 წლის 6 მარტს საქართველოში არ შემოუშვეს დამოუკიდებელი რუსული მედიასაშუალება „მედიაზონის” ჟურნალისტი დავიდ ფრენკელი. კერძოდ, განცხადების ავტორების თქმით, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს გადაწყვეტილებაში მითითებულია, რომ ჟურნალისტი „არ აკმაყოფილებს საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრულ სხვა მოთხოვნებს.“

კოალიცია “მედია ადვოკატირებისთვის” მიიჩნევს, რომ სამინისტროს გადაწყვეტილება მოკლებულია სამართლებრივ საფუძველს:

„მაღალი საჯარო ინტერესის გათვალისწინებით, გვსურს საზოგადოებას ვაცნობოთ, რომ კოალიციის წევრმა ორგანიზაციამ “უფლებები საქართველომ” დავიდ ფრენკელის ინტერესების დასაცავად უკვე მიმართა საქართველოს უწყებას და მოითხოვა 2022 წლის 6 მარტის გადაწყვეტილების ბათილად ცნობა.

საყურადღებოა, რომ საქართველოში შემოსვლაზე უარის თქმის შესახებ გადაწყვეტილებაში აღნიშნული საფუძველი მიმთითებელი ხასიათისაა და ცალკე აღებული არ უნდა წარმოშობდეს სამართლებრივ შედეგებს. ამასთანავე, მსგავსი საფუძვლით პირისთვის საქართველოში შემოსვლაზე უარის თქმა არ ათავისუფლებს სამინისტროს მიღებული გადაწყვეტილების დასაბუთების ვალდებულებისგან“, – ამბობენ განცხადების ავტორები.

კოალიციის „მედიის ადვოკატირებისთვის“ განცხადებით, ფრენკელისთვის არ ყოფილა განმარტებული უარის თქმის კონკრეტული მიზეზი მაშინ, როდესაც, რუსეთის ფედერაციის სხვა მოქალაქეების მსგავსად, უვიზოდ შეეძლო საქართველოს ტერიტორიაზე შემოსვლა.

განცხადების ავტორების თქმით, ჟურნალისტთან კომუნიკაციის და საქმის მასალების შესწავლის შემდეგ ცხადი გახდა, რომ საქართველოში შემოსვლაზე უარის თქმის საფუძვლად ვერ იქნებოდა გამოყენებული:

„კოვიდ პანდემიის მართვიდან გამომდინარე სახელმწიფოში დადგენილი და მოქმედი რეგულაციები/შეზღუდვები – ვინაიდან დავიდ ფრენკელი სრულად ვაქცინირებულია. მას სასაზღვრო გამტარ პუნქტზე ყოფნისას თან ჰქონდა ვაქცინირების დამადასტურებელი დოკუმენტი;
„ოკუპირებული ტერიტორიების შესახებ“ საქართველოს კანონით განსაზღვრული ვალდებულებების შეუსრულებლობა – ჟურნალისტი არასდროს ყოფილა საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიების ფარგლებში“, – წერია განცხადებაში.

აქვე კოალიცია აღნიშნავს, რომ დავიდ ფრენკელი საქართველოში იმყოფებოდა 2021 წელს და მას არ შეჰქმნია მსგავსი დაბრკოლება საზღვრის კვეთისას.

კოალიცია აცხადებს, რომ უკრაინაში მიმდინარე საომარი მოქმედებების პარალელურად, საქართველოში შემოსვლისას სხვა დამოუკიდებელი ჟურნალისტების დაბრკოლების პრაქტიკა ქმნის ვარაუდს, რომ დავიდ ფრენკელს დისკრიმინაციულად, სწორედ მისი ჟურნალისტური საქმიანობის გამო არ მიეცა საქართველოს საზღვრის გადაკვეთის შესაძლებლობა. აღნიშნულიდან გამომდინარე, კოალიცია “მედია ადვოკატირებისთვის” მოუწოდებს საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს, ბათილად ცნოს გადაწყვეტილება დავიდ ფრენკელისთვის უარის თქმის შესახებ და დააკმაყოფილოს ჟურნალისტის თხოვნა საქართველოს ტერიტორიაზე შემოსვლის თაობაზე.

ამ თემაზე წაიკითხეთ – Mediazona-ს ჟურნალისტის თქმით, საქართველოში არ შემოუშვეს

მასალების გადაბეჭდვის წესი