ახალი ამბები

ხოჭოლავა: მინდა უკრაინელ ხალხს ჩემი მთავრობის გამო ბოდიში მოვუხადო

15 მარტი, 2022 •
ხოჭოლავა: მინდა უკრაინელ ხალხს ჩემი მთავრობის გამო ბოდიში მოვუხადო

საქართველოს ნაკრების ფეხბურთელი დავით ხოჭოლავა, რომელიც ამჟამად დანიურ საფეხბურთო კლუბ კოპენჰაგენში თამაშობს,   უკრაინაში მიმდინარე ომის შესახებ საუბრობს.

ვიდეოინტერვიუში, რომელსაც კლუბი ავრცელებს ხოჭოლავა ბოდიშს უხდის უკრაინელ ხალხს საქართველოს მთავრობის მიერ დაკავებული პოზიციის გამო და აღნიშნავს, რომ რუსეთმა 2008 წელს საქართველოს ტერიტორიის 20% მიითვისა, ახლა კი მთელი უკრაინის მითვისებას ცდილობს:

„მინდა ბოდიში მოვუხადო უკრაინელ ხალხსა და პრეზიდენტს ჩემი მთავრობის გამო, რომელმაც გადაწყვიტა არ დაესვა თვითმფრინავი უკრაინაში მოხალისეების წასაყვანად. ისინი არ შეუერთდნენ სანქციებს და მინდა ბოდიში მოვიხადო, რადგან უკრაინას ახლა ვჭირდებით, მთელი მსოფლიო სჭირდება, ყველა ეხმარება და მრცხვენია, რომ ჩემი მთავრობა არ გზავნის მოხალისეებს, რომლებსაც სურთ ოკუპანტებთან ბრძოლა.

რუსეთმა ჩემი ქვეყნის 20%-ის ოკუპირება მოახდინა, ეს ჩემი თვალით ვნახე. მაშინ 16 წლის ვიყავი, როცა თვითმფრინავები ჩემს თავზე დაფრინავდნენ და ბომბებს ყრიდნენ. 2014-ში კი მათ დონეცკის და ლუგანსკის რეგიონების ოკუპაცია მოახდინეს. მთელ მსოფლიოს სჭირდება, ეს დიქტატორი მოიშოროს. მან ჩემი ქვეყნის 20% მიითვისა, ახლა კი სურს ჩემი ოჯახის და ჩემი ცოლის ქვეყანა მიითვისოს“, – აცხადებს ხოჭოლავა.

საფეხბურთო კლუბის ოფიციალური ვებგვერდი, რომელზეც ინტერვიუ გამოქვეყნდა, აღნიშნავს, რომ ვიდეოს ჩაწერის შემდეგ უკრაინაში დაიღუპა ხოჭოლავას ცოლის მამა, თუმცა ფეხბურთელმა ჩანაწერის გამოქვეყნება მაინც მოისურვა.

ინტერვიუში ქართველი ფეხბურთელი გულშემატკივრებს უკრაინის მხარდაჭერისკენ მოუწოდებს და აცხადებს, რომ რუსეთი უკვე დამარცხებულია:

„ჩემს ცოლს, ჩემი შვილის ძიძას, მამაჩემს და ყველას, ვინც უკრაინაშია, ჩემი დახმარება სჭირდება. ეს მეხმარება, რომ ცივი გონება შევინარჩუნო და რაც შემიძლია გავაკეთო. მაგრამ ახლა, ყოველდღე სიტუაცია უარესდება. ქალაქი, რომელშიც ჩემი ცოლი დაიბადა და გაიზარდა, სრულად განადგურებულია. ბევრი უდანაშაულო ადამიანი იღუპება ამ წუთებში. ბომბები ყველგან ცვივა.

ჩემი მესიჯი მათთვის არის, რომ გაუძლონ. იმიტომ, რომ უკრაინა გაიმარჯვებს და რუსეთი უკვე დამარცხებულია. უკრაინამ შეიძლება დაკარგა ადამიანები, მაგრამ ისინი გმირები არიან. უკრაინა ისევ აშენდება და მას ამაში მთელი მსოფლიო დაეხმარება. რუსეთმა კი ყველაფერი დაკარგა. იმედი მაქვს, ეს მალე დასრულდება. უკრაინა გაიმარჯვებს, მაგრამ რაც დიდხანს გაგრძელდება ეს ომი, მეტი ადამიანი დაიღუპება“, – აცხადებს ფეხბურთელი.

მასალების გადაბეჭდვის წესი