ახალი ამბები

უკრაინაში FOX News-ის ოპერატორი დაიღუპა

15 მარტი, 2022 •
უკრაინაში FOX News-ის  ოპერატორი დაიღუპა

ამერიკული ტელეკომპანია Fox News-ის განცხადებით, დაიღუპა მათი ოპერატორი პიერ ზაკრზკევსკი, რომელიც ჟურნალისტ ბენჟამინ ჰოლთან ერთად კიევის შემოგარენში დაიჭრა.

ეს უკრაინაში ჟურნალისტის მკვლელობის პირველი შემთხვევა არ არის. დღეს უკრაინის სახალხო დამცველმა ლიუდმილა დენისოვამ განაცხადა, რომ ქვეყანაში რუსეთის შეჭრის შემდეგ პროფესიული საქმიანობის შესრულებისას დაიღუპა, სულ მცირე, 3 ჟურნალისტი, დაშავდა მინიმუმ – 35.

დენისოვაამ თქვა, რომ დაღუპულებს შორის იყვნენ: ჟურნალისტი ვიქტორ დუდარი, რომელიც დაიღუპა ნიკოლაიევთან; ოპერატორი იევენ საკუნი, ის ემსხვერპლა კიევის სატელევიზიო ანძის დაბომბვას, და ბრენტ რენო, რომელიც ირპენში მოკლეს.

ამასთანავე, განცხადებაში ნათქვამია, რომ რუსი სამხედროები ჟურნალისტებს გამიზნულად ესვრიან. მაგალითად, შვედი ჟურნალისტის, გილუმ ბრიკეს მანქანას „პრესის“ წარწერა ჰქონდა, თუმცა მაინც ესროლეს.

„ოკუპანტების ეს ქმედებები ემსახურება იმას, რომ თავიანთი რასისტული პროპაგანდითა და იდეოლოგიით ინფორმაციის გავრცელების ყველა წყარო გადაფარონ“, – დასძენს დენისოვა და ამბობს, რომ ჟურნალისტებზე თავდასხმა არღვევს საერთაშორისო სამართალს, მათ შორის, ჰააგისა და ჟენევის კონვენციებს.

 

მასალების გადაბეჭდვის წესი