ახალი ამბები

კადიროვის ტელეგრამის თანახმად, იგი გროზნოში იმყოფება

15 მარტი, 2022 • 2900
კადიროვის ტელეგრამის თანახმად, იგი გროზნოში იმყოფება

ჩეჩნეთის მეთაურის, რამზან კადიროვის ტელეგრამ-არხის თანახმად, კადიროვი გროზნოში იმყოფება.

კადიროვის ტელეგრამ-არხის ცნობით, დღეს, 15 მარტს, კადიროვი ჩრდილოეთ კავკასიის ფედერალურ ოლქში პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინის სრულუფლებიან წარმომადგენელთან, იური ჩაიკასთან ერთად შეხვდა რუსეთის ფედერაციის უშიშროების საბჭოს მდივან ნიკოლაი პატრუშევს.

მოგვიანებით მათ რამზან კადიროვის მამის, ახმატ კადიროვის საფლავი მოინახულეს.

გასულ შაბათ-კვირას უკრაინულ მედიაში გავრცელდა ინფორმაცია, რომ უკრაინის დაზვერვა სხვადასხვა წყაროსგან იღებდა ინფორმაციას, რომლის თანახმადაც კადიროვი უკრაინაში იმყოფებოდა.

ამის შემდეგ უკრაინის პრეზიდენტის ადმინისტრაციის მრჩეველმა, ალექსეი არესტოვიჩმა, – რომელიც ამ დღეებში უკრაინული მხარის ერთ-ერთი სპიკერის ფუნქციას ითავსებს, – განაცხადა, რომ თუკი კადიროვი მართლაც უკრაინის ტერიტორიაზე იმყოფება, მას სიკვდილი ელის.

მოგვიანებით კადიროვმა მას კვლავ ტელეგრამზე უპასუხა:

„რატომ „თუ“? კადრები არ გინახავს? თუ მაინცდამაინც შენს კარზე უნდა დავაკაკუნო?“

კადიროვმა ასევე დაწერა, რომ უკრაინული დაზვერვა „მოიკოჭლებს“ და გამოაქვეყნა ვიდეო, სადაც ჩანს, რომ იგი სამხედრო გეგმებს განიხილავს ჯარისკაცებთან ერთად.

რამზან კადიროვის თქმით, ის აღნიშნულ ვიდეოში „კიევთან ახლოს“ იმყოფებოდა:

„ვიდეოზე გოსტომელში ვართ. დღეების განმავლობაში თქვენგან 20 კმ-ში ვიყავით, კიეველო ნაცისტებო, და ახლა უფრო ახლოს ვართ“.

ვიდეოში, რომელიც კადიროვმა გამოაქვეყნა, – ასევე, გროზნოს ტელევიზიით გავრცელებულ კადრებში, – შეუძლებელია კადიროვის ადგილმდებარეობის დადგენა (გეოლოკაცია), – კადრები დახურულ სივრცეშია გადაღებული.

14 მარტს კრემლის პრეს-სპიკერმა, დმიტრი პესკოვმა განაცხადა, რომ არ აქვს ინფორმაცია ჩეჩნეთის ლიდერის, რამზან კადიროვის უკრაინაში ყოფნის შესახებ.

მასალების გადაბეჭდვის წესი