ახალი ამბები

პრეზიდენტ ზურაბიშვილს კონსტიტუცია არ დაურღვევია – IDFI-ს ანალიზი

15 მარტი, 2022 • 1462
პრეზიდენტ ზურაბიშვილს კონსტიტუცია არ დაურღვევია – IDFI-ს ანალიზი

„ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტი“ (IDFI) აქვეყნებს საქართველოს მთავრობის მიერ პრეზიდენტ ზურაბიშვილისთვის წაყენებული ბრალედბების სამართლებრივ შეფასებას და აცხადებს, რომ პრეზიდენტს კონსტიტუცია არ დაურღვევია.

„ქართული ოცნების“ პოლიტსაბჭოს შეკრების შემდეგ ცნობილი გახდა, რომ საქართველოს მთავრობა გეგმავს, საკონსტიტუიციო სასამართლოში პრეზიდენტის წინააღმდეგ დავა დაიწყოს.

„ქართული ოცნება“ ხაზს უსვამს, რომ საგარეო პოლიტიკის განხორციელების სფეროში საქართველოს მთავრობას ექსკლუზიურ უფლებამოსილებებს ანიჭებს და პრეზიდენტს ამაში ჩართვა შეუძლია მხოლოდ გამონაკლის შემთხვევებში, საქართველოს მთავრობის საგანგებო თანხმობით.

პარტიის განცხადებით, სწორედ საგარეო პოლიტიკის განხორციელების ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი ინსტრუმენტია ელჩებისა და სხვა დიპლომატიური წარმომადგენლების დანიშვნა. „ოცნების“ თქმით კი, ზურაბიშვილმა უარი არაერთხელ განაცხადა მთავრობის მიერ წარდგენილი ელჩის დანიშვნაზე.

გთავაზობთ IDFI-ს ორგანიზაციის გამოქვეყნებულ ანალიზს:


შესავალი

საქართველოს კონსტიტუციის 49-ე მუხლის თანახმად, საქართველოს პრეზიდენტი არის საქართველოს სახელმწიფოს მეთაური, ქვეყნის ერთიანობისა და ეროვნული დამოუკიდებლობის გარანტი, რომელიც წარმოადგენს საქართველოს საგარეო ურთიერთობებში.

საგარეო ურთიერთობებში პრეზიდენტის კომპეტენცია შეზღუდულია და ძირითადად მთავრობასთან შეთანხმებით ხორციელდება, მაგრამ ეს არ ნიშნავს, რომ საქართველოს პრეზიდენტის ნებისმიერი მოქმედება/უმოქმედობა, რომელიც გავლენას ახდენს საგარეო პოლიტიკაზე, საჭიროებს მთავრობის თანხმობას.

მთავრობის თანხმობის გარეშე პრეზიდენტი ვერ დადებს საერთაშორისო ხელშეკრულებას, ვერ ისარგებლებს ხმის უფლებით საერთაშორისო ორგანოებში, თუმცა მას, როგორც სახელმწიფო მეთაურს, არ ეკრძალება საგარეო პოლიტიკასთან დაკავშირებით საკუთარი პოზიციების გამოხატვა ქვეყნის შიგნით ან ქვეყნის გარეთ, განსაკუთრებით- არაფორმალური ვიზიტის ფარგლებში. უფრო კონკრეტულად, საერთაშორისო თანამშრომლობის თვალსაზრისით, პრეზიდენტის მიერ გადადგმული ყველა ნაბიჯი ვერ იქნება დამოკიდებული საქართველოს მთავრობის ნებაზე და ვერც საგარო პოლიტიკის განხორციელებად ჩაითვლება.

საზოგადოებისთვის ხელმისაწვდომი ინფორმაციის თანახმად, საქართველოს პრეზიდენტის მიერ ჩატარებული შეხვედრები არ იყო ფორმალური, ამ შეხვედრებს საქართველოსთვის არ წარმოუშვია რაიმე სახის ახალი ვალდებულება. ამავე დროს, საქართველოს კონსტიტუციის თანახმად საქართველოს პრეზიდენტი უფლებამოსილი, მეტიც, ვალდებულიც კია, საკუთარი კომპეტენციის ფარგლებში მიიღოს ყველა ზომა ევროპის კავშირსა და ჩრდილოატლანტიკური ხელშეკრულების ორგანიზაციაში საქართველოს სრული ინტეგრაციის უზრუნველსაყოფად. შინაარსობრივი თვალსაზრისით საქართველოს პრეზიდენტის მიერ საქართველოში თუ საზღვარგარეთ გაკეთებული განცხადებები და ქმედებები არ გასცდენია საქართველოს კონსტიტუციის მოთხოვნებს. მეტიც, პრეზიდენტის ამგვარი ქმედებები, შეგვიძლია სახელმწიფოს მეთაურის პირდაპირ კონსტიტუციურ ვალდებულებად განვიხილოთ.

ჩვენი შეფასებით, ყველა გარემოება მიუთითებს, რომ პრეზიდენტმა, როგორც სახელმწიფო მეთაურმა, უბრალოდ შეასრულა კონსტიტუციით მისთვის დაკისრებული კომპეტენცია/ვალდებულება. ასევე, უკრაინაში მიმდინარე ომის ფონზე, საქართველოს საგარეო თუ საშინაო პოლიტიკაში პრეზიდენტის გაზრდილი როლი გამოწვეულია არა პრეზიდენტის მიერ საკუთარი კონსტიტუციური მანდატის დარღვევით, არამედ პარლამენტისა და მთავრობის პასიური მოქმედებებითა და პრობლემური შეფასებებით.

აქედან გამომდინარე მიგვაჩნია, რომ საქართველოს პრეზიდენტის მიერ კონსტიტუციის დარღვევის თაობაზე გახმიანებული ბრალდებები მოკლებულია სამართლებრივ საფუძველს.

ფაქტობრივი გარემოებები: შესაფასებელი მოცემულობა

14 მარტს საქართველოს პრეზიდენტმა, საქართველოს კონსტიტუციის 52 მუხლის მე-3 პუნქტის შესაბამისად, საქართველოს პარლამენტში წარადგინა მოხსენება ქვეყნის მდგომარეობის უმნიშვნელოვანესი საკითხების თაობაზე.

სიტყვით გამოსვლისას საქართველო პრეზიდენტმა აღნიშნა, რომ მას „წერილობით ეთქვა უარი პარიზში, ბრუსელში, ბერლინსა და ვარშავაში სამუშაო ვიზიტების გამართვაზე“. პრეზიდენტმა დამატებით აღნიშნა, რომ  გააუქმა ყველა ოფიციალური ფორმატი და პირადი კონტაქტები გამოიყენა საერთაშორისო ლიდერებთან შესახვედრად.

პრეზიდენტის აღნიშნული განცხადება მმართველი პარტიის რამდენიმე ლიდერის მიერ  შეფასდა საქართველოს კონსტიტუციის დარღვევად. ამგვარი შეფასებები გააკეთა:

– „ქართული ოცნების“ თავჯდომარემ და საქართველოს პარლამენტის წევრმა, ირაკლი კობახიძემ – იხ. ბმული;

– „ქართული ოცნების“ აღმასრულებელმა მდივანმა და საქართველოს პარლამენტის წევრმა, მამუკა მდინარაძემ იხ. ბმული;

საქართველოს კონსტიტუციის დარღვევა არის მძიმე სამართლებრივი ბრალდება და საქართველოს პრეზიდენტის შემთხვევაში, მისი თანამდებობიდან გადაყენების საფუძველი. 15 მარტს გავრცელდა ინფორმაცია, რომ მმართველი პარტია მიმართავს საკონსტიტუციო სასამართლოს  კომპეტენციების შესახებ დავის პროცედურის ფარგლებში, რათა დადასტურდეს საქართველოს პრეზიდენტის მხრიდან კონსტიტუციის დარღვევა.

აქედან გამომდინარე, მნიშვნელოვანია გავაანალიზოთ, რამდენად საფუძვლიანია მმართველი პარტიის ლიდერების მიერ გახმიანებული ბრალდებები.

საგარეო პოლიტიკის არქიტექტურა საქართველოს კონსტიტუციაში

საქართველოს მიერ საგარეო პოლიტიკის წარმოებასთან დაკავშირებული საკითხების მოწესრიგებისას საქართველოს კონსტიტუცია გამოყოფს როგორც პასუხისმგებელ თანამდებობის პირებს/ორგანოებს, აგრეთვე საგარეო პოლიტიკის შინაარსობრივ მიმართულებებს.

საგარეო პოლიტიკის თვალსაზრისით საქართველოს კონსტიტუციის ძირითადი მოთხოვნები ჩამოყალიბებულია საქართველოს კონსტიტუციის 36-ე, 49-ე, 52-ე, 54-ე და 78-ე მუხლებში.

1. საქართველოს კონსტიტუციის 36-ე მუხლის პირველი პუნქტი საქართველოს პარლამენტს ანიჭებს საგარეო პოლიტიკის მიმართულებების განსაზღვრის კონსტიტუციურ კომპეტენციას.

საქართველოს კონსტიტუცია, მუხლი 36.1: „საქართველოს პარლამენტი არის ქვეყნის უმაღლესი წარმომადგენლობითი ორგანო, რომელიც ახორციელებს საკანონმდებლო ხელისუფლებას, განსაზღვრავს ქვეყნის საშინაო და საგარეო პოლიტიკის ძირითად მიმართულებებს…“.

2. საქართველოს კონსტიტუციის 54-ე მუხლის თანახმად, საქართველოს მთავრობას ევალება საგარეო პოლიტიკის განხორციელება (ბუნებრივია, საქართველოს პარლამენტის მიერ განსაზღვრული პოლიტიკის ძირითადი მიმართულებების შესაბამისად).

საქართველოს კონსტიტუცია, მუხლი 54.1: „საქართველოს მთავრობა არის აღმასრულებელი ხელისუფლების უმაღლესი ორგანო, რომელიც ახორციელებს ქვეყნის საშინაო და საგარეო პოლიტიკას.“

3. საქართველოს კონსტიტუციის 49-ე მუხლი საქართველოს პრეზიდენტს, როგორც სახელმწიფოს მეთაურსა და უმაღლეს მთავარსარდალს, ქვეყნის ერთიანობისა და დამოუკიდებლობის გარანტს, ანიჭებს საქართველოს საგარეო ურთიერთობებში წარმომადგენლობის კონსტიტუციურ კომპეტენციას.

საქართველოს კონსტიტუცია, მუხლი 49.3: „საქართველოს პრეზიდენტი წარმოადგენს საქართველოს საგარეო ურთიერთობებში.“

საქართველოს კონსტიტუცია ემყარება ხელისუფლების ჰორიზონტალური დანაწილების საპარლამენტო მოდელს. სხვაგვარად, საქართველო საპარლამენტო რესპუბლიკაა. საპარლამენტო რესპუბლიკის ერთ-ერთი კლასიკური მახასიათებელია პრეზიდენტის შემცირებული როლი საშინაო თუ საგარეო პოლიტიკის განხორციელების თვალსაზრისით. ამდენად, პრეზიდენტის კონსტიტუციური კომპეტენცია, წარმოადგინოს სახელმწიფო საგარეო ურთიერთობებში, არ არის უსაზღვრო.

საქართველოს კონსტიტუციის 52-ე მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტი ზღუდავს საქართველოს პრეზიდენტის საგარეო უფლებამოსილებებს. სახელდობრ, ამ ნორმის თანახმად, საქართველოს პრეზიდენტი „მთავრობის თანხმობით ახორციელებს წარმომადგენლობით უფლებამოსილებებს საგარეო ურთიერთობებში, აწარმოებს მოლაპარაკებებს სხვა სახელმწიფოებთან და საერთაშორისო ორგანიზაციებთან, დებს საერთაშორისო ხელშეკრულებებს, იღებს სხვა სახელმწიფოებისა და საერთაშორისო ორგანიზაციების ელჩების და სხვა დიპლომატიური წარმომადგენლების აკრედიტაციას; მთავრობის წარდგინებით ნიშნავს და ათავისუფლებს საქართველოს ელჩებს და დიპლომატიური წარმომადგენლობების ხელმძღვანელებს“.

სავარაუდოდ, „ქართული ოცნების“ ლიდერები სწორედ საქართველოს კონსტიტუციის 52-ე მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტის დარღვევაზე აპელირებდნენ.

განსახილველ საკითხებთან დაკავშირებით IDFI-მ შესაბამისი საჯარო ინფორმაცია მოითხოვა საქართველოს პრეზიდენტისგან. ინფორმაციის მიღების შემდგომ, ვფიქრობთ, შესაფასებელ საკითხს ნათელი უფრო მეტად მოეფინება, თუმცა საქართველოს კონსტიტუციაზე დაყრდნობით ამ ეტაპზეც შეგვიძლია გარკვეული დასკვნების გამოტანა.

საგარეო ურთიერთობებში წარმომადგენლობა: კონსტიტუციის ფორმალური/პროცესუალური მოთხოვნები

საქართველოს პრეზიდენტის ნებისმიერი მოქმედება/უმოქმედობა, რომელიც საგარეო პოლიტიკაზე ახდენს ან შეიძლება მოახდინოს გავლენა, არ ნიშნავს საგარეო პოლიტიკის ან საგარეო პოლიტიკაში წარმომადგენლობითი უფლებამოსილების განხორციელებას. მაგალითად, საქართველოს კონსტიტუციის 60-ე მუხლის მე-4 პუნქტის „ე“ ქვეპუნქტის თანახმად, პრეზიდენტის ერთ-ერთ კომპეტენციას წარმოადგენს საკონსტიტუციო სასმართლოსადმი მიმართვა საერთაშორისო ხელშეკრულების არაკონსტიტუციურად ცნობის მოთხოვნით. სახელმწიფოს მეთაურის პოზიციამ, რომ აღმასრულებელი ხელისუფლების მიერ დადებული რომელიმე ხელშეკრულება ეწინააღმდეგება სახელმწიფოს ძირითად კანონს, ბუნებრივია, გავლენა შეიძლება მოახდინოს საგარეო პოლიტიკაზე, მაგრამ ეს ვერ დააბრკოლებს საქართველოს პრეზიდენტისთვის მინიჭებული უფლებამოსილების განხორციელებას.

აქვე, საქართველოს პრეზიდენტის ნებისმიერი შეხვედრა უცხო ქვეყნის თუ საერთაშორისო ორგანოების წარმომადგენლებთან არ ჩაითვლება საგარეო ურთიერთობებში წარმომადგენლობითი კომპეტენციის განხორციელებად საქართველოს კონსტიტუციის 52-ე მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტის მიზნებისთვის. სახელდობრ, დასახელებული ნორმა ვერ განიმარტება იმგვარად, რომ საქართველოს პრეზიდენტს დასჭირდეს საქართველოს მთავრობის თანხმობა საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ, დისტანციურად ან ფიზიკურად, ფორმალურ ან არაფორმალურ გარემოში შეხვდეს უცხოელ კოლეგებს და დააფიქსიროს საკუთარი შეხედულება საქართველოში ან მის გარეთ მიმდინარე საგარეო პროცესებთან დაკავშირებით.

მაგალითად, მთავრობის თანხმობის გარეშე პრეზიდენტი ვერ დადებს საერთაშორისო ხელშეკრულებას, ვერ ისარგებლებს ხმის უფლებით საერთაშორისო ორგანოებში, თუმცა ეს იმას არ ნიშნავს, რომ მას, როგორც სახელმწიფო მეთაურს, ეკრძალება ვინმესთან შეხვედრა და საკუთარი პოზიციების გამოხატვა, განსაკუთრებით, არაფორმალური ვიზიტის ფარგლებში, ისევე, როგორც პოზიციის გამოხატვა. უფრო კონკრეტულად, საერთაშორისო თანამშრომლობის თვალსაზრისით პრეზიდენტის მიერ გადადგმული ყველა ნაბიჯი ვერ იქნება დამოკიდებული საქართველოს მთავრობის ნებაზე. მეტიც, ამგვარი შეზღუდვის კანონით დადგენა წინააღმდეგობაში მოვა, ყველაზე მცირე, საქართველოს კონსტიტუციის 49-ე მუხლთან.

აქვე გასათვალისწინებელია, რომ საქართველოს პრეზიდენტის მიერ არაფორმალური შეხვედრების შემდგომ გაკეთებული განცხადებები თავსებადობაშია საქართველოს მიერ საჯაროდ გაცხადებული საერთაშორისო პოლიტიკის ძირითად მიმართულებებთან.

საგარეო ურთიერთობებში წარმომადგენლობა: კონსტიტუციის მატერიალური მოთხოვნები

ნებისმიერ პირს და სახელმწიფო ორგანოს, როგორც ეროვნულ, ისე საერთაშორისო დონეზე, მოეთხოვება საქართველოს კონსტიტუციის მატერიალური მოთხოვნების განუხრელი დაცვა და პოლიტიკის წარმოება ამ მოთხოვნების შესაბამისად.

ამდენად, მიუხედავად იმისა, რომ პრეზიდენტმა შეიძლება არ დაარღვიოს კონსტიტუციის პროცედურული/ფორმალური მოთხოვნები, სახელმწიფოს ძირითადი კანონის დარღვევა შეიძლება გამოიწვიოს საერთაშორისო ასპარეზზე პრეზიდენტის კონკრეტულმა მოქმედებამ/განცხადებამ. განსახილველ შემთხვევაში განსაკუთრებული ყურადღება უნდა გვამახვილოთ საქართველოს სუვერენიტეტზე, ტერიტორიულ მთლიანობასა და საქართველოს ევროატლანტიკურ მისწრაფებებზე.

ბუნებრივია, რუსეთის მიერ უკრაინის წინააღმდეგ დაწყებულ არაპროვოცირებულ ომს და მის შედეგებს არსებითი გავლენა ექნება საქართველოზე, ჩვენი ქვეყნის ტერიტორიულ მთლიანობასა და სუვერენიტეტზე ისევე, როგორც ჩვენს ევროატლანტიკურ მისწრაფებებზე.

საქართველოს კონსტიტუციის 78-ე მუხლი ავალებს კონსტიტუციურ ორგანოებს, „თავიანთი უფლებამოსილების ფარგლებში მიიღონ ყველა ზომა ევროპის კავშირსა და ჩრდილოატლანტიკური ხელშეკრულების ორგანიზაციაში საქართველოს სრული ინტეგრაციის უზრუნველსაყოფად.“ უპირველესად, უნდა აღინიშნოს, რომ საქართველოს პრეზიდენტის მიერ არაფორმალური ვიზიტების შემდგომ გაკეთებული ყველა განცხადება და საჯარო პოზიცია მიზანმიმართული იყო საქართველოს წინაშე მდგარი პრობლემების წამოწევისა და საქართველოს კონსტიტუციური ინტერესების დაცვისკენ. ჩვენი შეხედულებით, საქართველოს პრეზიდენტის არაფორმალური ვიზიტები და მათ შემდგომ საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის, სუვერენიტეტის და ევროატლანტიკური ინტეგრაციის მხარდამჭერი განცხადებების გაკეთება იყო არამხოლოდ მისი უფლებამოსილება, არამედ საქართველოს კონსტიტუციის 78-ე მუხლიდან მომდინარე პირდაპირი ვალდებულება.

ომი უკრაინაში: საქართველოს პრეზიდენტისა და სხვა კონსტიტუციური ორგანოების როლი

ზემოთ მოყვანილი სამართლებრივი ანალიზის პარალელურად, ყურადღების მიღმა ვერ დავტოვებთ იმ ფაქტს, რომ საქართველოს პრეზიდენტის მიერ ქვეყნის შიგნით თუ მის გარეთ გაკეთებულ განცხადებებს ჰქონდა გამორჩეული (შეიძლება ითქვას, წამყვანი) როლი საქართველოს მიერ უკრაინაში მიმდინარე ომის შეფასებისა და საერთაშორისო დონეზე პოზიციონირების თვალსაზრისით. საპარლამენტო რესპუბლიკაში პრეზიდენტის ამგვარი როლი, როგორც წესი, უცხოა და აჩენს განცდას, რომ პრეზიდენტი გასცდა საკუთარ უფლებამოსილებას და დაიწყო საგარეო პოლიტიკის განხორციელება.

სინამდვილეში, საგარეო პოლიტიკის თვალსაზრისით პრეზიდენტის როლის ამგვარი აღქმა გამოიწვია არა პრეზიდენტის განსაკუთრებულმა აქტიურობამ ან კონსტიტუციური კომპეტენციის გაცდენამ, არამედ იმ კონსტიტუციური ორგანოების პასიურობამ, რომლებიც განსაზღვრავენ და ახორციელებენ ქვეყნის საგარეო პოლიტიკას. უფრო კონკრეტულად, საქართველოს კონსტიტუცია საქართველოს პარლამენტსა და მთავრობას ავალებს სახელმწიფოს საგარეო პოლიტიკის განსაზღვრასა და განხორციელებას საელმწიფოს ევროატლანტიკური მისწრაფებების შესაბამისად. ამის საპირისპიროდ, მმართველმა პარტიამ ჩაკეტა პლენარული სხდომის დარბაზის კარი, რათა თავიდან აეცილებინა პრეზიდენტის მიერ უკრაინაში მიმდინარე ომის განსახილველად მოწვეული რიგგარეშე სხდომა. საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გააკეთა ქვეყნის ევროატლანტიკურ მისწრაფებებთან შეუთავსებელი არაერთი განცხადება. მთლიანობაში, მმართველი პარტიის მიერ წარმოებულ საგარეო პოლიტიკას შედეგად მოჰყვა უკრაინის ელჩის საქართველოდან გაწვევა, საქართველოს კრიტიკა როგორც ეროვნულ ,ისე საერთაშორისო დონეზე.

ამ ფონზე, საქართველოს პრეზიდენტის, როგორც სახელმწიფოს მეთაურის და უმაღლესი ლეგიტიმაციის მქონე თანამდებობის პირის, განცხადებებმა განსაკუთრებული მნიშვნელობა შეიძინა როგორც ეროვნულ, ისე საერთაშორისო დონეზე. მაგრამ პრეზიდენტის არაფორმალურ შეხვედრები ქვეყნის შიგნით ან ქვეყნის გარეთ ვერ ჩაანაცვლებს ვერც საქართველოს პარლამენტს და ვერც მთავრობას.

შეჯამება

საქართველოს კონსტიტუციის 49-ე მუხლის თანახმად, საქართველოს პრეზიდენტი არის საქართველოს სახელმწიფოს მეთაური, ქვეყნის ერთიანობისა და ეროვნული დამოუკიდებლობის გარანტი, რომელიც წარმოადგენს საქართველოს საგარეო ურთიერთობებში.

საგარეო ურთიერთობებში პრეზიდენტის კომპეტენცია შეზღუდულია და ძირითადად მთავრობასთან შეთანხმებით ხორციელდება, მაგრამ ეს არ ნიშნავს, რომ საქართველოს პრეზიდენტის ნებისმიერი მოქმედება/უმოქმედობა, რომელიც გავლენას ახდენს საგარეო პოლიტიკაზე, საჭიროებს მთავრობის თანხმობას.

მთავრობის თანხმობის გარეშე პრეზიდენტი ვერ დადებს საერთაშორისო ხელშეკრულებას, ვერ ისარგებლებს ხმის უფლებით საერთაშორისო ორგანოებში, თუმცა მას, როგორც სახელმწიფო მეთაურს, არ ეკრძალება საგარეო პოლიტიკასთან დაკავშირებით საკუთარი პოზიციების გამოხატვა ქვეყნის შიგნით ან ქვეყნის გარეთ, განსაკუთრებით, არაფორმალური ვიზიტის ფარგლებში. უფრო კონკრეტულად, საერთაშორისო თანამშრომლობის თვალსაზრისით პრეზიდენტის მიერ გადადგმული ყველა ნაბიჯი ვერ იქნება დამოკიდებული საქართველოს მთავრობის ნებაზე და ვერც საგარო პოლიტიკის განხორციელებად ჩაითვლება.

საზოგადოებისთვის ხელმისაწვდომი ინფორმაციის თანახმად, საქართველოს პრეზიდენტის მიერ ჩატარებული შეხვედრები არ იყო ფორმალური, ამ შეხვედრებს საქართველოსთვის არ წარმოუშვია რაიმე სახის ახალი ვალდებულება. ამავე დროს, საქართველოს კონსტიტუციის თანახმად, საქართველოს პრეზიდენტი უფლებამოსილი, მეტიც, ვალდებულიც კია, საკუთარი კომპეტენციის ფარგლებში მიიღოს ყველა ზომა ევროპის კავშირსა და ჩრდილოატლანტიკური ხელშეკრულების ორგანიზაციაში საქართველოს სრული ინტეგრაციის უზრუნველსაყოფად. შინაარსობრივი თვალსაზრისით, საქართველოს პრეზიდენტის მიერ საქართველოში თუ საზღვარგარეთ გაკეთებული განცხადებები და ქმედებები არ გასცდენია საქართველოს კონსტიტუციის მოთხოვნებს. მეტიც, პრეზიდენტის ამგვარი ქმედებები შეგვიძლია, სახელმწიფოს მეთაურის პირდაპირ კონსტიტუციურ ვალდებულებად განვიხილოთ.

ჩვენი შეფასებით, ყველა გარემოება მიუთითებს, რომ პრეზიდენტმა, როგორც სახელმწიფო მეთაურმა, უბრალოდ შეასრულა კონსტიტუციით მისთვის დაკისრებული კომპეტენცია/ვალდებულება. ასევე, უკრაინაში მიმდინარე ომის ფონზე, საქართველოს საგარეო თუ საშინაო პოლიტიკაში პრეზიდენტის გაზრდილი როლი გამოწვეულია არა პრეზიდენტის მიერ საკუთარი კონსტიტუციური მანდატის დარღვევით, არამედ პარლამენტისა და მთავრობის პასიური მოქმედებებითა და პრობლემური შეფასებებით.

აქედან გამომდინარე, მიგვაჩნია რომ საქართველოს პრეზიდენტის მიერ კონსტიტუციის დარღვევის თაობაზე გახმიანებული ბრალდებები მოკლებულია სამართლებრივ საფუძველს.

მასალების გადაბეჭდვის წესი