მიხეილ სააკაშვილი აცხადებს, რომ წუხელ რესპუბლიკურ საავადმყოფოში გადაიყვანეს, სადაც ნეიროპათიისა და ვერნიკეს ენცეფალოპათიის დიაგნოზი დაუდგინეს.
სააკაშვილის თქმით, რესპუბლიკურ საავადმყოფოში „მრავალთვიანი მოთხოვნის შემდეგ“, გვიან საღამოს გადაიყვანეს, სადაც ჩაუტარდა ელექტრო-ნეირომიოგრაფია და გასტროსკოპიული გამოკვლევა.
„პირველმა პროცედურამ მთლიანად დაადასტურა სხვადასხვა კონსილიუმის დიაგნოზი იმის შესახებ, რომ პენიტენციურ სისტემაში მე დამმართეს ნეიროპათია, როცა ვეღარ გრძნობ კიდურებს და სხეულის სხვადასხვა მონაკვეთს, და ვერნიკეს ენცეფალოპათია, რაც მოძრაობისა და კოორდინაციის დარღვევას, მეხსიერების გაქრობასა და ა.შ. იწვევს. გასტროსკოპიამ კი აჩვენა მრავალრიცხოვანი კრიზები“, – წერს სააკაშვილი ფეისბუკზე.
მისი თქმით, ეს დიაგნოზი არც იყო გასაკვირი.
„რესპუბლიკურის ექიმებმა მითხრეს, რომ თუ სერიოზული მკურნალობა დაუყოვნებლივ არ ჩატარდა, ეს დაავადება სწრაფად გაუარესდება და დასრულდება ინვალიდიზაციით ან სიკვდილით“, – წერს იგი ფეისბუკზე.
სააკაშვილის თქმით, „ქართულ პენიტენციურ სისტემაში ამ დაავადებების სრულფასოვნად მკურნალობა აბსოლუტურად გამორიცხულია“.
„ვფიქრობ, ჩემ წინააღმდეგ განხორციელებული ძალადობა თავიდანვე გათვლილი იყო ასეთ შედეგზე“, – წერს იგი.
მიხეილ სააკაშვილმა 10 მარტს, – შიმშილობის მეორედ გამოცხადებიდან მე-20 დღეს, – განაცხადა, რომ შიმშილობას წყვეტდა.
მეორე დღეს სახალხო დამცველმა განაცხადა, რომ სააკაშვილი დაუყოვნებლივ უნდა გადაეყვანათ საავადმყოფოში.