ახალი ამბები

უკრაინიდან საქართველოს 1 600-მდე მოქალაქე დაბრუნდა — საგარეო

14 მარტი, 2022 • 770
უკრაინიდან საქართველოს 1 600-მდე მოქალაქე დაბრუნდა — საგარეო

საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, დღეს უკრაინიდან ევაკუირებული საქართველოს 50 მოქალაქე რუმინეთიდან გამოემგზავრება.

მიმდინარე კვირას, ასევე, დაგეგმილია მოქალაქეთა ორგანიზებული გამომგზავრება პოლონეთიდან, საიდანაც, საერთო ჯამში, 150-მდე საქართველოს მოქალაქე დაბრუნდება სამშობლოში.

საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებით, უკრაინიდან ევაკუირებულ საქართველოს მოქალაქეებს უკრაინის მოსაზღვრე სახელმწიფოებში პირველადი საჭიროების დახმარებას საქართველოს საელჩოები უწევენ, რის შემდეგაც ხდება მათი გამომგზავრება საქართველოში. ასევე, გრძელდება მოქალაქეთა ორგანიზებული გამოყვანა უკრაინის ტერიტორიიდან მის მოსაზღვრე სახელმწიფოებში, კერძოდ, ლვოვიდან ვარშავის მიმართულებით ავტობუსის დამატებითი რეისები შესრულდება 15 და 16 მარტს. მოქალაქეთა ორგანიზებული გამოყვანა ხდება ოდესიდან, საქართველოს გენერალური საკონსულოს მიერ.

უწყების ინფორმაციით, საგანგებო რეჟიმში მუშაობენ საქართველოს საელჩო უკრაინაში, გენერალური საკონსულო ოდესაში და საკონსულო პუნქტი ლვოვში. ასევე, საგანგებო რეჟიმში მუშაობენ საქართველოს დიპლომატიური წარმომადგენლობები უკრაინის მოსაზღვრე ქვეყნებში — რუმინეთში, პოლონეთში, მოლდოვაში, სლოვაკეთსა და უნგრეთში.
ისინი ახორციელებენ მოქალაქეთა გადაყვანას უკრაინიდან მოსაზღვრე ქვეყნებში, შემდგომ კი მათ საქართველოში გამომგზავრებას. ამ დროისთვის უკრაინიდან, სხვადასხვა ქვეყნის გავლით, სახელწმიფოს დახმარებით საქართველოში ორგანიზებულად დაბრუნდა 1600-მდე მოქალაქე.

მასალების გადაბეჭდვის წესი