უკრაინის პრეზიდენტის მრჩეველი მიხაილო პოდოლიაკი აცხადებს, რომ უკრაინული მხარე მოლაპარაკებებს პოზიციებს არ დათმობს და აღნიშნავს, რომ რუსულმა მხარემ შეხვედრებზე საუბარი კონსტრუქციულად დაიწყო.
მისი თქმით, რუსეთის ფედერაცია აღარ აყენებს ულტიმატუმებს და უსმენს უკრაინული მხარის შეთავაზებებს:
„რუსეთის ფედერაციის წარმომადგენლები მოლაპარაკებებზე ულტიმატუმის ენით აღარ საუბრობს, არამედ უსმენს ჩვენს შეთავაზებებს. უკრაინა საკუთარ პოზიციებს არ დათმობს. ჩვენი მოთხოვნაა ომი დასრულდეს და რუსმა სამხედროებმა უკან დაიხიონ. დიალოგის პროცესში ვხედავ, რომ ისინი ამას ხვდებიან“ – ამბობს პოდილიაკი.
ამასთან, მოლაპარაკებების პროცესს დადებითად აფასებს რუსული მხარეც. როგორც მოსკოვის დელეგაციის წარმომადგენელი ლეონიდ სლუცკი აცხადებს, მხარეებმა მნიშვნელოვან პროგრესს მიაღწიეს:
„ჩემი პირადი მოლოდინით, უახლოეს დღეებში ეს პროგრესი შეიძლება გადაიზარდოს დელეგაციების საერთო პოზიციაში, ხელმოსაწერ დოკუმენტებში“ – ამბობს რუსული დელეგაციის წარმომადგენელი.
ამ დრომდე უკრაინისა და რუსეთის დელეგაციებს შორის მოლაპარაკებების ორი რაუნდი გაიმართა.