ახალი ამბები

ირპენში რუსმა სამხედროებმა ამერიკელი ჟურნალისტი მოკლეს – კიევის პოლიცია

13 მარტი, 2022 • 3485
ირპენში  რუსმა სამხედროებმა ამერიკელი ჟურნალისტი მოკლეს – კიევის პოლიცია

უკრაინული მედია ადგილობრივ პოლიციაზე დაყრდნობით აცხადებს, რომ კიევის ოლქის ქალაქ ირპენში რუსმა სამხედროებმა ცეცხლი გაუხსნეს მანქანას, რომლითაც საერთაშორისო მედიის ჟურნალისტები გადაადგილდებოდნენ.

უკრაინული მედიის განცხადებით, სროლის შედეგად დაიღუპა აშშ-ის მოქალაქე,  ვიდეო-კორესპონდენტი ბრენტ რენო კიდევ ერთი უცხოელი ჟურნალისტი კი, რომელიც მასთან ერთად გადაადგილდებოდა დაჭრილია. კიევის პოლიციამ ჟურნალისტის დოკუმენტების ფოტო გაავრცელა. ერთ-ერთ ფოტოზე New York Times-ის პრეს-ბარათია ასახული.

ტელეგრამში ვრცელდება ვიდეო, სადაც დაღუპული ჟურნალისტის კოლეგა ყვება, რომ ირპენში ჟურნალისტები ლტოლვილების გადასაღებად იმყოფებოდნენ, რომლებიც კიევს ტოვებდნენ და ქვეყნის დასავლეთ ნაწილში გადადიოდნენ.

რუსეთი უკრაინაში 24 თებერვალს, გამთენიისას შეიჭრა და მას შემდეგ განუწყვეტლივ ბომბავს როგორც სამხედრო ობიექტებს, ისე მშვიდობიან მოსახლეობას. მოსკოვი საჯარო განცხადებებში უარყოფს სამოქალაქო ობიექტების მიზანში ამოღებას.

გაეროს მონაცემებით, უკრაინა უკვე დატოვა 2.5 მილიონმა ადამიანმა.

მასალების გადაბეჭდვის წესი