ახალი ამბები

დუდა: თუ პუტინი ქიმიურ იარაღს გამოიყენებს, ნატოს მოუწევს ჩაურევლობას გადახედოს

13 მარტი, 2022 • 3565
დუდა: თუ პუტინი ქიმიურ იარაღს გამოიყენებს, ნატოს მოუწევს ჩაურევლობას გადახედოს

პოლონეთის პრეზიდენტი ანდჟეი დუდა BBC-თვის მიცემულ ინტერვიუში ამბობს, რომ რუსეთის მიერ უკრაინაში ქიმიური იარაღის გამოყენებამ შესაძლოა NATO-ს კონფლიქტში ჩაურევლობის გადაწყვეტილების გადახედვა აიძულოს.

ჟურნალისტმა პოლონეთის პრეზიდენტს ჰკითხა მოსალოდნელი იყო თუ არა პუტინის მხრიდან ამგვარი იარაღის გამოყენება:

„მე თუ მკითხავთ, შეუძლია თუ არა პუტინს ქიმიური იარაღის გამოყენება, ვფიქრობ, მას ახლა ყველაფერი შეუძლია. განსაკუთრებით მაშინ, როცა ის ასეთ რთულ სიტუაციაშია. პოლიტიკურად მან ომი უკვე წააგო და სამხედრო თვალსაზრისითაც ვერ იმარჯვებს” – ამბობს დუდა.

მისი თქმით, თუ პუტინი მასობრივი განადგურების იარაღს გამოიყენებს, ეს თამაშის წესებს სრულად შეცვლის. დუდას თქმით, NATO-ს მოუწოვეს სერიოზულად დაფიქრდეს რა გააკეთოს იმიტომ, რომ ეს საშიში არამხოლოდ ევროპისთვის, არამედ მთელი მსოფლიოსთვის იქნება.

მანამდე, ნატოს გენერალურმა მდივანმა იენს სტოლტენბერგმა განაცხადა, რომ რუსეთმა შესაძლოა გამოიყენოს ქიმიური იარაღი უკრაინაში – წერს გერმანული გამოცემა Welt -ი.

„ბოლო დღეებში ჩვენ მოვისმინეთ აბსურდული პრეტენზიები ქიმიური და ბიოლოგიური იარაღის ლაბორატორიების შესახებ“, – განაცხადა სტოლტენბერგმა გამოცემასთან და აღნიშნა, რომ კრემლი იგონებს ცრუ საბაბებს იმის გასამართლებლად, რაც არ შეიძლება იყოს გამართლებული.

„ჩვენ უნდა ვიყოთ ფხიზლად. შესაძლოა, რუსეთმა თავად დაგეგმოს ქიმიური იარაღის ოპერაციები ამ სიცრუის შეთხზვით. ეს იქნება ომის დანაშაული”, – თქვა სტოლტენბერგმა.

რუსეთის პრეზიდენტი, ვლადიმერ პუტინი ჯერ კიდევ ომის დაწყებამდე ირწმუნებოდა, რომ უკრაინა საკუთარი ბირთვული იარაღის შექმნას გეგმავს.

მსგავსი ბრალდებები რუსეთის მხრიდან სულ უფრო ხშირად ისმის. 9 მარტს რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს პრესსპიკერმა, მარია ზახაროვამ უკრაინა და აშშ ბიოლოგიური იარაღის შემუშავებასა და ფლობაში დაადანაშაულა.

მასალების გადაბეჭდვის წესი