ახალი ამბები

7 ადამიანი დაიღუპა რუსების მიერ საევაკუაციო კოლონის დაცხრილვის შედეგად — უკრაინა

12 მარტი, 2022 •
7 ადამიანი დაიღუპა რუსების მიერ საევაკუაციო კოლონის დაცხრილვის შედეგად — უკრაინა

უკრაინის სადაზვერვო სამსახურის განცხადებით, რუსეთის ძალებმა ცეცხლი გაუხსნეს კოლონას, რომელსაც კიევის ოლქის სოფელ პერემოჰადან ქალები და ბავშვები გამოჰყავდა. უწყების თანახმად, დაღუპულია შვიდი ადამიანი, მათ შორის — ბავშვი.

“თავდასხმის შემდეგ ოკუპანტებმა აიძულეს კოლონის დარჩენილი ნაწილები, დაბრუნებულიყვნენ პერემოჰაში და არ უშვებენ მათ სოფლიდან”, – ნათქვამია სადაზვერვო სამსახურის მიერ 12 მარტის საღამოს გავრცელებულ განცხადებაში. უწყების თქმით, დაჭრილთა საერთო რაოდენობა უცნობია.

განცხადების მიხედვით, ეს გზა იყო მოსახლეობის საევაკუაციოდ შეთანხმებული ე.წ. მწვანე დერეფნის ნაწილი.

“შეგახსენებთ, რომ შეიარაღებული კონფლიქტების დროს მშვიდობიანი მოსახლეობის დაცვის საკითხს საერთაშორისო ჰუმანიტარული სამართალი არეგულირებს”, — აღნიშნავს სადაზვერვო სამსახური.

უკრაინა არაერთგზის ადანაშაულებს რუსეთს კონფლიქტის ზონებიდან მშვიდობიანი მოსახლეობის გაყვანის პროცესის ხელშეშლაში. თავის მხრივ, რუსეთი უარყოფს სამოქალაქო პირებზე თავდასხმის ფაქტებს და უკრაინას ადანაშაულებს ევაკუაციის პროცესის ხელოვნურად შეფერხებაში.

რუსეთი უკრაინაში 24 თებერვალს, გამთენიისას შეიჭრა და მას შემდეგ განუწყვეტლივ ბომბავს როგორც სამხედრო ობიექტებს, ისე მშვიდობიან მოსახლეობას. გაეროს მონაცემებით, უკრაინა უკვე დატოვა 2.5 მილიონმა ადამიანმა.

განახლება[03:26] — თავდაპირველი ცნობების შემდეგ, უკრაინის მთავრობაში აცხადებენ, რომ გზა, რომელზეც კოლონა გადაადგილებოდა, არ იყო შეთანხმებული საევაკუაციო კორიდორის ნაწილი. 

მთავარი ფოტო: არქივიდან

მასალების გადაბეჭდვის წესი