ახალი ამბები

გუბერნატორის თქმით, ქალაქი ვოლნოვახა “აღარ არსებობს”

12 მარტი, 2022 •
გუბერნატორის თქმით, ქალაქი ვოლნოვახა “აღარ არსებობს”

უკრაინაში რუსეთის შეჭრის შემდეგ მთლიანად დაინგრა ქვეყნის სამხრეთ-აღმოსავლეთში მდებარე პატარა ქალაქი ვოლნოვახა: აღნიშნულის შესახებ დონეცკის გუბერნატორმა, პავლო კირილენკომ, ადგილობრივ ტელევიზიას განუცხადა.

ვოლნოვახა პატარა, თუმცა სტრატეგიულად მნიშვნელოვანი ქალაქია სამხრეთ-აღმოსავლეთ უკრაინაში. ის ქალაქ მარიუპოლსა და რუსეთის მიერ კონტროლირებად დონეცკს შორის მდებარეობს.

BBC-ს მიხედვით, ვოლნოვახაში თითქმის ყველა შენობა დაინგრა ინტენსიური სარაკეტო და საჰაერო დაბომბვის გამო.

“ზოგადად, ვოლნოვახა თავისი ინფრასტრუქტურით, როგორც ასეთი, აღარ არსებობს”, – დასძენს პავლო კირილენკო. მისივე თქმით, ომის დაწყების შემდეგ მოსახლეობის დიდმა ნაწილმა ქალაქი დატოვა.

კირილენკო ხაზს უსვამს, რომ რუსეთის ძალების მიერ სტრატეგიულად მნიშვნელოვანი ტერიტორიის ალყაში მოქცევის თავიდან ასაცილებლად ბრძოლა ამჟამადაც გრძელდება.

რუსეთი უკრაინაში 24 თებერვალს, გამთენიისას შეიჭრა და მას შემდეგ განუწყვეტლივ ბომბავს როგორც სამხედრო ობიექტებს, ისე მშვიდობიან მოსახლეობას.

მთავარი ფოტო: ქალი ვოლნოვახაში, დაბომბვის შედეგად დაზიანებულ კორპუსთან. 11.03.22 ფოტო:  REUTERS/Alexander Ermochenko

მასალების გადაბეჭდვის წესი