ახალი ამბები

„რუსეთი უკრაინიდან ბელარუსზე შეტევას და ჩვენთვის დაბრალებას გეგმავს“ – რეზნიკოვი

11 მარტი, 2022 •
„რუსეთი უკრაინიდან ბელარუსზე შეტევას და ჩვენთვის დაბრალებას გეგმავს“ – რეზნიკოვი

უკრაინის თავდაცვის მინისტრი ოლეკსი რეზნიკოვი აცხადებს, რომ რუსეთის ფედერაცია უკრაინა-ბელარუსის საზღვართან, ბელარუსულ დასახლებებზე საავიაციო თავდასხმას და შემდგომ ამის უკრაინისთვის დაბრალებას გეგმავს.

რეზნიკოვის განცხადებით, დანაშაულის შესანიღბად იგეგმება უკრაინის საჰაერო სივრციდან კოპანისა სტოლინის დასახლებებზე შეტევის მიტანა ბრესტოსკის ოლქში.

„გარანტიას გაძლევთ, რომ უკრაინის არმია არ გეგმავდა, არ გეგმავს და არ დაგეგმავს რაიმე სახის აგრესიას ბელარუსის წინააღმდეგ. ომის 15 დღის განმავლობაში უკრაინელმა ჯარისკაცებმა 12 000 რუსი სამხედრო მოკლეს. არ მისცეთ თქვენს ქვეყანას უფლება, ამ ომში ჩაებას. გადაარჩინეთ თქვენთვის ძვირფასი ადამიანების სიცოცხლე, არ მისცეთ კრემლს უფლება, ბელარუსის მომავალი გაანადგუროს“, – მიმართავს რეზნიკოვი ბელარუს ხალხს.

ბელარუსის პრეზიდენტი ალექსანდრ ლუკაშენკო პუტინთან დღეს გამართულ შეხვედრაზე ირწმუნებოდა, რომ რომ არა რუსეთის მიერ უკრაინაზე “პრევენციული” დარტყმა, კიევი შეტევას თავად გეგმავდა:

„ახლა მე თქვენ გაჩვენებთ, საიდან იგეგმებოდა ბელარუსზე თავდასხმა. რომ არა პრევენციული დარტყმა მათ პოზიციებზე ოპერაციამდე 6 საათით ადრე, ისინი ჩვენს იმ ჯარებს დაარტყამდნენ, რომლებიც სწავლებებზე იყვენენ”, – განაცხადა ლუკაშენკომ.

რუსეთი უკრაინაში 24 თებერვალს შეიჭრა და მას შემდეგ უკრაინის ქალაქებს უტევს როგორც სახმელეთო, ისე საჰაერო და საზღვაო გზებით. რუსეთი განუწყვეტლივ ბომბავს როგორც სამხედრო ობიექტებს, ისე მშვიდობიან მოსახლეობას. შეჭრას წინ უძღოდა რუსეთის პრეზიდენტის მიერ უკრაინის სეპარატისტული დონბასის და ლუგანსკის დამოუკიდებლობის აღიარება.

რუსეთის სამთავრობო პრორაგანდის მიხედვით, უკრაინაში მიმდნარეობს არა სრულმასშტაბიანი ომი, არამედ “სპეციალური სამხედრო ოპერაცია”. ამ კონტექსტში სიტყვა ომის გამოყენება რუსეთში მედიასაც აუკრძალეს.

მასალების გადაბეჭდვის წესი