ახალი ამბები

ილიაუნის ახალი რექტორი ნინო დობორჯგინიძე იქნება

11 მარტი, 2022 • 2096
ილიაუნის ახალი რექტორი ნინო დობორჯგინიძე იქნება

ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის აკადემიურმა საბჭომ უნივერსიტეტის რექტორად 4 წლის ვადით პროფესორი ნინო დობორჯგინიძე აირჩია. საბჭოს სხდომა დღეს, 11 მარტს გაიმართა.

უნივერსიტეტის ინფორმაციით, დობორჯგინიძე ლინგვისტიკის დოქტორი და ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორია. ამავდროულად, ხელმძღვანელობს უნივერსიტეტის ლინგვისტურ კვლევათა ინსტიტუტს, ასევე იყო რექტორის მრჩეველი კვლევისა და სწავლების მიმართულებით.

ის ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტში მისი დაარსების დღიდან მუშაობს, 2017-2021 წლებში კი უნივერსიტეტის რექტორის მოადგილის პოზიციას იკავებდა.

ახალი რექტორის ასარჩევად კონკურსი ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის აკადემიურმა საბჭომ 2021 წლის 24 დეკემბერს გამოაცხადა. მასში მონაწილეობა მიიღო ორმა კანდიდატმა – ნინო დობორჯგინიძემ და გიორგი გეგელაშვილმა. უნივერსიტეტის ცნობით, ნინო დობორჯგინიძის კანდიდატურას აკადემიური საბჭოს არჩევნებში მონაწილე რვავე წევრმა დაუჭირა მხარი.

ნინო დობორჯგინიძე რექტორის მოვალეობების შესრულებას 24 მარტიდან შეუდგება.

მანამდე ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორის პოზიციას გიგა ზედანია იკავებდა. ის ამ თანამდებობაზე პირველად 2014 წელს აირჩიეს.

მასალების გადაბეჭდვის წესი