უკრაინის ატომური ენერგიის მარეგულირებელი სააგენტოს განცხადებით, რუსეთმა იერიში მიიტანა ხარკოვის ფიზიკის ინსტიტუტზე, სადაც ესპერიმენტული ბირთვული რეაქტორი იყო განთავსებული.
პირველადი ინფორმაციით, დაზიანდა რეაქტორის „ნეიტრონების წყარო, რომელიც ენერგიისგან სრულად დაცლილია“. ამასთან, დაზიანებულია ელექტრონების ამაჩქარებელი და გაგრილების სისტემა.
ადგილობრივი მედიის განცხადებით, საარტილერიო შეტევის შედეგად გაჩენილი ცეცხლი გავრცელდა ინსტიტუტის საერთო საცხოვრებელზეც. ზიანის შესახებ ინფორმაცია საბოლოო არაა და ექსპერტები ამ მიმართულებით მუშაობას აგრძელებენ.
რუსეთი უკრაინაში 24 თებერვალს შეიჭრა და მას შემდეგ უკრაინის ქალაქებს უტევს როგორც სახმელეთო, ისე საჰაერო და საზღვაო გზებით. რუსეთი განუწყვეტლივ ბომბავს როგორც სამხედრო ობიექტებს, ისე მშვიდობიან მოსახლეობას. შეჭრას წინ უძღოდა რუსეთის პრეზიდენტის მიერ უკრაინის სეპარატისტული დონბასის და ლუგანსკის დამოუკიდებლობის აღიარება.