შეერთებული შტატების კონგრესის რესპუბლიკელი და დემოკრატი სენატორები პენტაგონს აკრიტიკებენ უკრაინისთვის საბრძოლო თვითმფრინავების მიწოდების გაჭიანურების გამო. CNN-ის თანახმად, ამ საკითხს ორპარტიული მხარდაჭერა აქვს.
CNN-ის თანახმადვე, კონგრესის საგარეო ურთიერთობების კომიტეტის 10 მარტის სხდომაზე „მწვავედ გააკრიტიკეს“ პენტაგონი იმის გამო, რომ აშშ ურო მეტს არ აკეთებს უკრაინისთვის საბრძოლო თვითმფრინავების მისაწოდებლად.
რა ხდება?
პოლონეთმა 8 მარტს განაცხადა, რომ მზადაა, თავის საკუთრებაში არსებული Mig-29 ტიპის საბრძოლო თვითმფრინავები გერმანიაში, აშშ-ის ბაზაზე განალაგოს, რათა შემდეგ ეს თვითმფრინავები უკრაინას გადაეცეს, სანაცვლოდ კი შტატებისგან F-16-ები უნდა მიეღო.
AP News-ის თქმით, დამატებითი ტექნიკა საჰაერო თავდაცვისთვის, უკრაინის არმიისთვის ახლა ნომერ პირველი პრიორიტეტია.
ვარშავის ამ განცხადების პასუხად პენტაგონმა განაცხადა, რომ ვერ შეძლებს პოლონეთის საკუთრებაში არსებული საბრძოლო თვითმფრინავების უკრაინისთვის გადაცემას.
პენტაგონის სპიკერის, ჯონ კირბის თქმით, პოლონეთის შეთავაზებამ, განათავსოს 28 სამხედრო თვითმფრინავი გერმანიაში აშშ-ის ბაზაზე, წარმოშვა რუსეთ-უკრაინის კონფლიქტში ჩართვის შემაშფოთებელი პერსპექტივა:
„ჩვენ გავაგრძელებთ კონსულტაციებს პოლონეთსა და ნატოს მოკავშირეებთან ამ საკითხზე და მასთან დაკავშირებულ რთულ ლოგისტიკურ გამოწვევებზე. თუმცა არ ვფიქრობთ, რომ პოლონეთის შემოთავაზება გონივრულია“ ,- განაცხადა მან.
სწორედ ამის შემდეგ წამოწიეს ეს საკითხი სენატორებმა საგარეო კომიტეტის სხდომაზე.
რას ამბობენ სენატორები?
CNN-ის თანახმადვე, ბოლო დღეებში სენატორებამდე მივიდა ხმები, რომ თავდაცვის მდივან ლოიდ ოსტინსა და სახელმწიფო მდივან ენტონი ბლინკენს განსხვავებული მოსაზრებები აქვთ ამ საკითხზე, რაც კანონმდებლებში უკმაყოფილებას იწვევს.
სენატორ ჯიმ რიშის განცხადებით, ეს „სამარცხვინო“ განხეთქილებაა და პასუხისმგებლობას პრეზიდენტს აკისრებს, რომ ყველა დაარწმუნოს ამ ნაბიჯის გადადგმის აუცილებლობაში. „ეს სამკვდრო-სასიცოცხლო საკითხია“.
მისი თქმით, „სისულელეა“ პენტაგონის განმარტება, რომ თვითმფრინავების გადაცემას რუსეთი „ესკალაციად“ აღიქვამს.
„ჩვენ მათ იახტებს ვართმევთ, დასასვენებელ ადგილებს ვართმევთ, უკრაინელებს ვაძლევთ ყველანაირ იარაღრს, რაც შეგვიძლია. სისულელეა იმის თქმა, რომ ეს მათ რაიმენაირად კიდევ უფრო გააბრაზებს“, – განაცხადა მან.
კამალა ჰარისის განცხადება
ამასთან, შეერთებული შტატების ვიცე-პრეზიდენტი კამალა ჰარისი აცხადებს, რომ შტატები და პოლონეთი დაეხმარებიან უკრაინას.
„ძალიან ცხადად მინდა ვთქვა. შეერთებული შტატები და პოლონეთი ერთიანები ვართ იმაში, რასაც ვაკეთებთ და მზად ვართ, დავეხმაროთ უკრაინასა და უკრაინელ ხალხს. წერტილი“, – განაცხადა კამალა ჰარისმა.
ეს განცხადება მან 10 მარტს პოლონეთში გააკეთა პრეზიდენტ ანჯეი დუდასთან ერთად გამართულ პრესკონფერენციაზე.
CNN-ის თანახმად, ჰარისის ეს განცხადება იყო დიპლომატიური პასუხი აშშ-სა და პოლონეთის მიერ უკრაინისთვის საბრძოლო თვითმფრინავების გაგზავნის საკითხზე.
ამ დრომდე არცერთ ქვეყანას არ განუცხადებია, რომ სატრანსპორტო კვანძი იქნებოდა შტატებისა და პოლონეთის გარიგებაში, თუმცა AP წერს, რომ ბევრი ქვეყანა ამ მიზნისთვის კოსოვოს განიხილავდა.