ახალი ამბები

ევროკავშირში დაჩქარებული წესით გაწევრიანების პროცედურა არ არსებობს – რუტე

10 მარტი, 2022 • 4338
ევროკავშირში დაჩქარებული წესით გაწევრიანების პროცედურა არ არსებობს – რუტე

ნიდერლანდების პრემიერ-მინისტრი მარკ რუტე აცხადებს, რომ ევროკავშირში დაჩქარებული წესით გაწევრიანების პროცედურა არ არსებობს. ამის შესახებ მან დღეს, 10 მარტს, ვერსალში ევროკავშირის ლიდერების არაფორმალური სამიტის დაწყებამდე განაცხადა.

„ეს არის ერთწლიანი პროცედურა. ჩვენ უნდა შევხედოთ, რა შეგვიძლია გავაკეთოთ მოკლევადიან პერიოდში“, – თქვა რუტემ და დასძინა, რომ დასავლეთ ევროპის ქვეყნების ლიდერებიც, რომლებსაც ის ესაუბრა, ფიქრობენ, რომ არ უნდა იჩქარონ.

თუმცა, მისივე თქმით, კითხვა – ემხრობით თუ არა უკრაინის ევროკავშირში გაწევრიანებას, ამ ეტაპზე არ დგას.

ევროკავშირის კიდევ ერთი ქვეყნის, ლუქსემბურგის პრემიერ-მინისტრის განცხადებით კი, არ შეუძლიათ, უკრიანის მოქალაქეებს შთაბეჭდილება შეუქმნან, რომ „ყველაფერი შეიძლება მოხდეს ერთ ღამეში”.

საფრანეგეთის პრეზიდენტი ემანუელ მაკრონი აცხადებს, რომ ევროკავშირი საომარ მდგომარეობაში მყოფ ქვეყანასთან გაწევრიანების პროცედურას ვერ დაიწყებს. მისი თქმით, საომარ მდგომარეობაში მყოფ ქვეყანასთან გაწევრიანებაზე მოლაპარაკება არარეალურია. თუმცა, მაკრონის თქმით, უსამართლობა იქნებოდა კარის დაკეტვა და თქმა „არასოდეს“.


რუსეთთან სრულმასშტაბიან ომში მყოფმა უკრაინამ 28 თებერვალს ევროკავშირში გაწევრიანების შესახებ განაცხადი შეიტანა და განაცხადის დაჩქარებული წესით განხილვა მოითხოვა.

3 მარტს ევროკავშირში გასაგზავნ განაცხადს ხელი  მოაწერა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმაც. იმავე დღეს მსგავს განაცხადს ხელი მოაწერა მოლდოვის პრეზიდენტმა, მაია სანდუმ.

7 მარტს ევროკავშირში შემავალმა 27-მა ქვეყანამ უკრაინის, საქართველოსა და მოლდოვის წევრობის განაცხადთან დაკავშირებით ევროკომისიას, ბლოკის აღმასრულებელ ხელისუფლებასა და კანდიდატ ქვეყნებთან მოლაპარაკებებზე პასუხისმგებელ ორგანოებს დაავალა სამივე ქვეყნის აპლიკაციებთან დაკავშირებით პირველადი მოსაზრების შემუშავება.

მასალების გადაბეჭდვის წესი