ახალი ამბები

რუსეთი ევროპის საბჭოს დატოვებას აანონსებს

10 მარტი, 2022 • 1971
რუსეთი ევროპის საბჭოს დატოვებას აანონსებს

რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ გაავრცელა განცხადება ევროპის საბჭოში სიტუაციის შესახებ.

ევროპის საბჭოს მინისტრთა კომიტეტში და საპარლამენტო ასამბლეაში (PACE) რუსეთს შეჩერებული აქვს წარმომადგენლობის უფლება  უკრაინაში აგრესიის გამო.

„ევროკავშირისა და ნატო-ს რუსეთის მიმართ არამეგობრული ქვეყნები ბოროტად იყენებენ თავიანთ აბსოლუტურ უმრავლესობას ევროპის საბჭოს მინისტრთა კომიტეტში, აგრძელებენ ევროპის საბჭოსა და ევროპაში საერთო ჰუმანიტარული და სამართლებრივი სივრცის განადგურების პოლიტიკას“. რუსეთი არ მიიღებს მონაწილეობას ნატო-სა და მისი მორჩილი ევროკავშირის მიერ უძველესი ევროპული ორგანიზაციის გადაქცევაში დასავლური უპირატესობისა და ნარცისიზმის მორიგ პლატფორმად. დაე, დატკბნენ ერთმანეთთან ურთიერთობებით, რუსეთის გარეშე“, — ნათქვამია რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებაში.

საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადება არ იძლევა ნათელ წარმოდგენას, ოფიციალურად გადის თუ არა რუსეთი ევროპის საბჭოდან, თუმცა რუსეთის ხელისუფლების სხვადასხვა შტოს წარმომადგენლებმა სწორედ ორგანიზაციის დატოვებაზე ისაუბრეს.

„ევროპის საბჭოდან გამოსვლა არ მოახდენს უარყოფით გავლენას ჩვენი მოქალაქეების უფლებებზე“, — განაცხადა რუსეთის პარლამენტის ზედა პალატის — ფედერაციის საბჭოს საკონსტიტუციო კანონმდებლობის კომიტეტის თავმჯდომარემ, ანდრეი კლიშასმა.

კითხვაზე, ნიშნავს თუ არა რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადება რუსეთის გამოსვლას ევროპის საბჭოს ყველა ინსტიტუტიდან, მათ შორის, ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოდან, რუსეთის პრეზიდენტის პრესმდივანმა დიმიტრი პესკოვმა უპასუხა: „ბუნებრივია, ევროპის საბჭოდან გასვლა ასევე გულისხმობს გასვლას ყველა მექანიზმიდან“.

კითხვა, თუ რა შემთხვევაში შეიძლება რუსეთი დაბრუნდეს ევროსაბჭოში, პესკოვმა უპასუხა, რომ მისი საქმე არ არის რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებებზე კომენტარის გაკეთება.

ფედერაციის საბჭოს თავმჯდომარის მოადგილემ, კონსტანტინე კოსაჩევმა სახელმწიფოს მიერ ევროპის საბჭოს დატოვების პროცედურა განმარტა და თქვა, რომ გასვლა ხდება ევროპის საბჭოს ქარტიის მე-7 მუხლის საფუძველზე, წევრი სახელმწიფოს ინიციატივით, როდესაც ის ოფიციალურად აცნობებს ევროპის საბჭოს გენერალურ მდივანს.

ევროპის საბჭოს წესდების მე-7 მუხლის თანახმად, ნებისმიერი წევრი შეიძლება გავიდეს წევრობიდან გენერალური მდივნისათვის ამის შესახებ ფორმალური შეტყობინების წარდგენის საშუალებით. ასეთი გასვლა ძალაში შევა ფინანსური წლის ბოლოს, თუ შეტყობინება გაკეთებულია ფინანსური წლის პირველი ცხრა თვის
განმავლობაში. იმ შემთხვევაში, თუ შეტყობინება გაკეთებულია ფინანსური წლის უკანასკნელი სამი თვის განმავლობაში, ის ძალაში შევა შემდგომი ფინანსური წლის დასასრულისთვის.

კოსაჩევის თქმით, გასვლის მექანიზმი გულისხმობს ევროპის საბჭოს ქარტიისა და ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის (ECHR) ერთდროულ დენონსაციას რუსეთის მიერ. ამასთან, ეს არ ათავისუფლებს ქვეყანას ევროპის ადამიანის უფლებათა კონვენციის ვალდებულებებისგან ნებისმიერ ქმედებებთან დაკავშირებით, რომელსაც ადგილი ჰქონდა დენონსაციის ძალაში შესვლამდე.

რუსეთს ევროპის საბჭოში წარმომადგენლობის უფლება შეუჩერდა

მასალების გადაბეჭდვის წესი