ახალი ამბები

„სხვა ქვეყნებზე თავდასხმას არ ვგეგმავთ, არც უკრაინას დავსხმივართ“ — ლავროვი

10 მარტი, 2022 • 3104
„სხვა ქვეყნებზე თავდასხმას არ ვგეგმავთ, არც უკრაინას დავსხმივართ“ — ლავროვი

რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა სერგეი ლავროვმა თურქეთში უკრაინის, რუსეთის და თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრების სამმხრივი შეხვედრის შემდეგ განაცხადა, რომ მხარს უჭერს ყველა ტიპის კომუნიკაციას, თუმცა იმ პირობით, რომ ეს არ ჩაანაცვლებს ბელარუსში მიმდინარე რუსეთ-უკრაინის მოლაპარაკებების „მთავარ“ ფორმატს.

„ჩვენ დღეს ძირითადად ვისაუბრეთ ჩვენი თურქი კოლეგების ინიციატივებზე ჰუმანიტარულ საკითხებთან დაკავშირებით. ჩვენ მზად ვართ, ყოველდღიურად გავხსნათ ჰუმანიტარული კორიდორები. მათი გახსნის დროს და მარშრუტს, მიზანშეწონილობიდან გამომდინარე, ადგენს ის, ვინც ადგილზე აკონტროლებს სიტუაციას. ჩვენ შევახსენეთ კოლეგებს, რომ ბელარუსში მოლაპარაკებების ბოლო რაუნდზე რუსეთმა წარმოადგინა იურიდიული დოკუმენტი, მოსაზრებები, და უკრაინის მხარემ თქვა, რომ უახლოეს პერიოდში წარმოადგენს კონკრეტულ პასუხებს. ჩვენ გვინდა ბელარუსის ფორმატში სერიოზული საუბრის წარმართვა“, — განაცხადა ლავროვმა.

ლავროვმა გაიმეორა კრემლის პოზიცია, რომ „ოპერაცია“ უკრაინაში გეგმის მიხედვით მიდის. ასევე, გამოეხმაურა დასავლეთის მიერ უკრაინის იარაღით მომარაგებას.

„ვხედავთ, რამდენაც სახიფათოდ მოქმედებენ ახლა ჩვენი დასავლელი კოლეგები, ევროკავშირის ჩათვლით, რომელიც თავისი პრინციპების საწინააღმდეგოდ, როგორც ჩანს აფართოებს სასიკვდილო იარაღის მიწოდებას უკრაინაში, 1000 საზენიტო-სარაკეტო დანადგარის ჩათვლით“, — განაცხადა ლავროვმა და დასძინა, რომ ეს იქნება მრავალწლიანი რისკი სამოქალაქო ავიაციისთვის არა მხოლოდ უკრაინის ცაზე, არამედ მთელ ევროპაში.

„რაც შეეხება თქვენს კითხვას, ვაპირებთ თუ არა, თავს დავესხათ სხვა ქვეყნებს, სხვა ქვეყნებზე თავდასხმას არ ვგეგმავთ. ჩვენ არც უკრაინას დავსხმივართ თავს. უკრაინაში უბრალოდ დადგა სიტუაცია, რომელიც პირდაპირ საფრთხეს უქმნის რუსეთს“, — განაცხადა ლავროვმა.

ამ საფრთხეებს შორის ლავროვმა ჩამოთვალა უკრაინის მიერ დონეცკისა და ლუგანსკის ე.წ. რესპუბლიკებზე თავდასხმის გეგმა და უკრაინის ლაბორატორიებში აშშ-ის ჩართულობით ბიოლოგიური იარაღის შექმნის საშიშროება.

მარიუპოლში სამშობიარო სახლზე თავდასხმის კომენტირებისას ლავროვმა თქვა, რომ ეს იყო ულტრარადიკალური დაჯგუფება „აზოვის“ ბაზა.

ლავროვის თქმით, რუსეთი არ ეძებს უკრაინაში საკუთარი ქმედებების გამართლებას, ამ ნაბიჯების პრეზენტაცია თავად გააკეთა და სურს ნეიტრალური უკრაინის ხილვა. რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის თქმით, ნეიტრალობა არ ნიშნავს მხოლოდ ნატოზე უარის თქმას, რადგან ამერიკული ბაზების განთავსება უკრაინაში ნატო-ს გარეშეც შეიძლება.

თავის მხრივ, უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრმა დმიტრო კულებამ შეხვედრის შემდეგ განაცხადა, რომ 24-საათიან ცეცხლის შეწყვეტაზე შეთანხმებას ვერ მიაღწია.

24-საათიან დროებით ზავზე შეთანხმებას ვერ მივაღწიეთ – კულება

მასალების გადაბეჭდვის წესი