საზოგადოება

24-საათიან დროებით ზავზე შეთანხმებას ვერ მივაღწიეთ – კულება

10 მარტი, 2022 • 3810
24-საათიან დროებით ზავზე შეთანხმებას ვერ მივაღწიეთ – კულება

„მარტივი და რთული“, – ასე შეაფასა უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრმა დმიტრო კულებამ რუს კოლეგასთან, სერგეი ლავროვთან თურქეთში გამართული შეხვედრა.

„მარტივი, რადგან ლავროვი მიყვებოდა უკვე ცნობილ ნარატივს უკრაინასთან დაკავშირებით, რთული, რადგან მე ყველაფერი გავაკეთე, რათა, სულ მცირე, მეპოვა დიპლომატიური გამოსავალი იმ ჰუმანიტარული ტრაგედიიდან, რომელიც ახლა არის ბრძოლის ველზე და ალყაში მყოფ ქალაქებში“, – განაცხადა დმიტრო კულებამ შეხვედრის შემდეგ გამართულ ბრიფინგზე.

კულებას განცხადებით, უკრაინული მხარის მიზანი ჰუმანიტარული შეთანხმების მიღწევა იყო, მათ შორის მარიუპოლისკენ და მარიუპოლიდან ჰუმანიტარული დერეფნის შექმნის შესახებ.

„მარიუპოლიდან – მოქალაქეებისთვის, რომელთაც შიშისა და ტანჯვის სივრცის დატოვება სურთ, და მარიუპოლში, რათა ჰუმანიტარული დახმარება ქალაქში შევიდეს.

კულებას თანახმად, „ლავროვი არ იყო იმ პოზიციაში, რომ თავადვე ეპასუხა ამ საკითხებზე, თუმცა იგი შეატყობინებს პასუხისმგებელ ორგანოებს“.

დმიტრო კულებას განცხადებით, უკრაინულმა მხარემ ჰუმანიტარული მიზნებისთვის 24-საათიანი ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების მიღწევაც მოითხოვა, თუმცა ამაზე პროგრესის მიღწევა ვერ მოხერხდა.

„როგორც ჩანს, ამ საკითხზე რუსეთში გადაწყვეტილებს სხვა პირები იღებენ“, – განაცხადა კულებამ.

მისივე განცხადებით, უკრაინული მხარე მზადაა გააგრძელოს მოლაპარაკებები ჰუმანიტარული შეთანხმების მისაღწევად.

ომის დაწყების შემდეგ, ეს არის პირველი შემთხვევა, როდესაც უკრაინისა და რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრები ერთმანეთს შეხვდნენ.

გარდა მინისტრების შეხვედრისა, უკრაინული და რუსული მხარეები ერთმანეთს ბელარუსში ხვდებიან. შეხვედრის შედეგად გადაწყდა ჰუმანიტარული დერეფნების შექმნა, თუმცა უკრაინული მხარის თანახმად, რუსეთი ბომბავს და ხელს უშლის ამ დერეფნების მუშაობას.

კულებას თქმით, ლავროვმა არ მოისურვა ესაუბრა ცეცხლის შეწყვეტის პირობებზე და განაცხადა, რომ ეს საკითხი ბელარუსში მიმდინარე შეხვედრებზე უნდა განიხილონ.

მასალების გადაბეჭდვის წესი