პენტაგონის განცხადებით, ვერ შეძლებს პოლონეთის საკუთრებაში არსებული საბრძოლო თვითმფრინავების უკრაინისთვის გადაცემას, თუმცა ღიაა მოკავშირეებთან მუშაობისთვის უკრაინის საჰაერო თავდაცვის შესაძლებლობების გაზრდის სხვა გზებთან დაკავშირებით. ინფორმაციას BBC ავრცელებს.
ტელეკომპანია ციტირებს პენტაგონის სპიკერს, ჯონ კირბის, რომელიც ამბობს, რომ აშშ-ის თავდაცვის მდივანმა ლოიდ ოსტინმა ეს მესიჯი მის პოლონელ კოლეგას, მარიუშ ბლაშჩაკს ოთხშაბათს გადასცა.
საუბარია პოლონეთის მიერ სამშაბათს გახმიანებულ შეთავაზებაზე, რომლის თანახმადაც, ვარშავა მზადაა, თავის საკუთრებაში არსებული Mig-29 ტიპის საბრძოლო თვითმფრინავები გერმანიაში, აშშ-ის ბაზაზე განალაგოს, შემდეგ კი ყველა ეს თვითმფრინავი უკრაინას გადაეცეს.
კირბიმ დადებითად შეაფასა უკრაინის მიერ მისი ამჟამინდელი შესაძლებლობების სტრატეგიულად გამოყენება რუსეთის წინსვლის შესაჩერებლად, მაგრამ ასევე თქვა, რომ უკრაინის აღჭურვილობაში თვითმფრინავების დამატება, სავარაუდოდ, მნიშვნელოვნად არ შეცვლის [მის] ეფექტურობას.
პენტაგონის სპიკერის თანახმად, ზემოხსენებული სცენარი რისკის შემცველია და შესაძლოა, რუსების მიერ შეცდომით იქნას აღქმული ესკალაციისკენ გადადგმულ ნაბიჯად.
“ჩვენ ასევე გვჯერა, რომ არსებობს ალტერნატიული ვარიანტები, რომლებიც ბევრად უფრო ესადაგება უკრაინელი სამხედროების მხარდაჭერას რუსეთის წინააღმდეგ ბრძოლაში. ჩვენ გავაგრძელებთ ამ ვარიანტების განხორციელებას”, — დასძინა კირბიმ.
სანამ ზემოხსენებულ კომენტარებს გაახმიანებდა, ჯონ კირბიმ 9 მარტს თქვა, რომ პოლონეთის ზემოხსენებულმა მოსაზრებამ წარმოშვა რუსეთ-უკრაინის კონფლიქტში ჩართვის შემაშფოთებელი პერსპექტივა.
როგორც AP News წერს, ეს არის დისჰარმონიის იშვიათი გამოვლინება ნატოს მოკავშირეების მხრიდან, რომლებიც ეძებენ გზას უკრაინელი მებრძოლების დასახმარებლად, პარალელურად კი, რუსეთთან ომში ჩართვის საშიშროების თავიდან არიდებას ცდილობენ.
რუსეთი უკრაინაში 24 თებერვალს, გამთენიისას შეიჭრა და მას შემდეგ განუწყვეტლივ ბომბავს როგორც სამხედრო ობიექტებს, ისე მშვიდობიან მოსახლეობას.
შეჭრას წინ უძღოდა რუსეთის პრეზიდენტის მიერ უკრაინის სეპარატისტული დონბასის და ლუგანსკის დამოუკიდებლობის აღიარება.
ამავე თემაზე:
პენტაგონი Mig-ებზე პოლონეთის შეთავაზებას არაგონივრულს უწოდებს