გაეროს ადამიანის უფლებათა ოფისის თანახმად, უკრაინაში რუსეთის შეჭრიდან დღემდე 516 მშვიდობიანი მოქალაქეა დაღუპული, 908 კი — დაშავებული. მონაცემები 9 მარტს გამოქვეყნდა.

გაეროში აცხადებენ, რომ მათი აზრით, რეალური მაჩვენებელი “საკმაოდ მაღალია”. ორგანიზაციის ცნობით, მსხვერპლის უმეტესობა გამოწვეულია დაბომბვებით, სარაკეტო და საჰაერო თავდასხმებით.

ადამიანის უფლებათა ოფისი ასევე ხაზს უსვამს, რომ მარიუპოლის, ვოლნოვახასა და იზიუმის მონაცემები ჯერაც მუშავდება. არსებობს ცნობები ასობით გარდაცვლილზე ხსენებულ ქალაქებში.

რუსეთი უკრაინაში 24 თებერვალს, გამთენიისას შეიჭრა და მას შემდეგ განუწყვეტლივ ბომბავს როგორც სამხედრო ობიექტებს, ისე მშვიდობიან მოსახლეობას.

შეჭრას წინ უძღოდა რუსეთის პრეზიდენტის მიერ უკრაინის სეპარატისტული დონბასის და ლუგანსკის დამოუკიდებლობის აღიარება.

მოსკოვი დღემდე უარყოფს სამოქალაქო ობიექტების მიზანში ამოღებას.

9 მარტს უკრაინის ოფიციალურმა პირებმა განაცხადეს, რომ ქვეყნის სამხრეთში მდებარე ქალაქ მარიუპოლის საავადმყოფო რუსეთის ძალებმა დაბომბეს. მათი ცნობით, დანგრეულია ბავშვთა და სამშობიარო განყოფილებები. ბოლო ინფორმაციით, დაშავებულია 17 ადამიანი — როგორც პაციენტები, ისე პერსონალი.

რუსეთმა მარიუპოლში საავადმყოფო დაბომბა, დაშავდნენ პაციენტები და პერსონალი — უკრაინა