ახალი ამბები

ევროკავშირი SWIFT-დან ბელარუსულ ბანკებსაც ჩახსნის – როიტერსი

8 მარტი, 2022 • 1469
ევროკავშირი SWIFT-დან ბელარუსულ ბანკებსაც ჩახსნის – როიტერსი

როიტერსის“ ინფორმაციით, ევროკომისიამ რუსეთისა და ბელარუსის წინააღმდეგ სანქციების ახალი პაკეტი მოამზადა. გამოცემა წერს, რომ დოკუმენტი დამატებით ითვალისწინებს რუსი ოლიგარქებისა და პოლიტიკოსების, ასევე, სამი ბელარუსული ბანკის სანქცირებას.

„როიტერსი“ წყაროზე დაყრდნობით აცხადებს, რომ სანქციების პროექტი ევროკავშირის აღმასრულებელმა ორგანომ დღეს დილას მიიღო, დღის განმავლობაში კი  ევროკავშირის ელჩები განიხილავენ.

პაკეტი ითვალისწინებს 3 ბელარუსული ბანკის SWIFT სისტემიდან გათიშვას და დამატებით რამდენიმე რუსი ოლიგარქის და კანონმდებლის ევროკავშირის შავ სიაში შეყვანას.

გამოცემის თქმით, პაკეტი ასევე კრძალავს ევროკავშირიდან საზღვაო აღჭურვილობისა და პროგრამული უზრუნველყოფის რუსეთში ექსპორტს. ამასთან, ითვალისწინებს კრიპტოვალუტებზე მონიტორინგს, რათა არ მოხდეს მათი გამოყენება სანქციების გვერდის ასავლელად.

8 მარტი უკრაინაში რუსეთის ფედერაციის ჯარების შეჭრიდან მე-13 დღეა. რუსეთმა დაბომბა ქალაქებიც, დაღუპულია ასობით მშვიდობიანი მოქალაქე. ძირითადად ევროკავშირის ქვეყნების მიმართულებით ქვეყანა დატოვა 1.5 მილიონზე მეტმა ადამიანმა. ეს არის მეორე მსოფლიო ომის შემდეგ ევროპაში ყველაზე მასშტაბური და სწრაფი ლტოლვილთა კრიზისი.

მასალების გადაბეჭდვის წესი