ახალი ამბებიეკონომიკა

„Shell“ რუსულ ნავთობპროდუქტებსა და გაზს აღარ შეიძენს

8 მარტი, 2022 • 1383
„Shell“ რუსულ ნავთობპროდუქტებსა და გაზს აღარ შეიძენს

ენერგოკომპანია Shell-ის განცხადებით, ის აღარ შეისყიდის რუსულ რესურსებს, მათ შორის ნედლ ნავთობს, ნავთობპროდუქტებს, გაზსა და თხევად ბუნებრივ აირს, და ბოდიშს იხდის გასული კვირის გადაწყვეტილებისთვის, რა დროსაც კომპანიამ რუსული ენერგოპროდუქტები შეიძინა, რათა, მისი განცხადებით, საფრთხე არ შეჰქმნოდა მომარაგების ჯაჭვებს.

„ეს გადაწყვეტილება იყო არასწორი და ჩვენ ბოდიშს ვიხდით“, – განაცხადა კომპანიის აღმასრულებელმა დირექტორმა ბენ ვან ბეურდენმა.

კომპანია რუსეთში ასევე ხურავს მომსახურების სადგურებს და წყვეტს საავიაციო საწვავითა და საპოხი საშუალებებით მომსახურებას.

მანამდე Shell-მა განაცხადა, რომ რუსული ნედლეულით მიღებული შემოსავლის ნაწილი ომით დაზარალებული უკრაინელების დასახმარებლად შექმნილ ფონდში გაიგზავნებოდა.

Shell ბრიტანულ-ნიდერლანდური კომპანიაა, რომელიც მსოფლიოს არაერთ ქვეყანაში ფლობს ბენზინგასამართ სადგურებსა და ენერგეტიკულ ინფრასტრუქტურას.

რუსეთის ბაზარი, უკრაინაზე თავდასხმისა და სანქციების გამო, ათობით მსხვილმა უცხოურმა კომპანიამ დატოვა.

მასალების გადაბეჭდვის წესი