ახალი ამბები

უკრაინა უკვე ორმა მილიონმა ადამიანმა დატოვა – სად მიდიან ისინი?

8 მარტი, 2022 • 1691
უკრაინა უკვე ორმა მილიონმა ადამიანმა დატოვა – სად მიდიან ისინი?

რუსეთის ფედერაციის ჯარების შეჭრის შემდეგ, უკრაინის დატოვება უკვე 2 მილიონზე მეტ ადამიანს მოუწია.

ახლა, ამ წუთებში, არაერთი ადამიანი კვეთს რომელიმე მეზობელი ქვეყნის საზღვარს.  სხვები კი, – რომელთა ქალაქებსაც ბომბავენ, – ჯერაც ვერ ახერხებენ თავის შეფარებას.

არსებობს მოლოდინი, რომ ლტოლვილების რაოდენობა 5 მილიონს მიაღწევს.

უკრაინის მოქალაქეები პოლონეთის ქალაქ მედიკაში. EPA-EFE/DAREK DELMANOWICZ POLAND OUT

ამ ეტაპზე უკრაინა დადასტურებულად დატოვა 2,011,312-მა ადამიანმა.

ეს მონაცემები გაეროს ლტოლვილთა უმაღლესი კომისარატის (UNHCR-ის) ყოველდღიურად განახლებადი სტატისტიკიდანაა.

რიცხვები აჩვენებს, რომ რუსეთის სამხედრო ქმედებებისგან დაზარალებული ყველაზე მეტი ადამიანი პოლონეთს აფარებს თავს – იქ უკვე 1,2 მილიონზე მეტი ადამიანი გადავიდა.

ამ რუკაზე დატანილ მონაცემების თანახმად, – რომელიც UNHCR-ის სტატისტიკას ეფუძნება, –  უკრაინიდან მეზობელ ქვეყნებში გადასული მოსახლეობის რაოდენობა ასეთია:

  • პოლონეთი – 1 204 403
  • უნგრეთი – 191 348
  • სლოვაკეთი – 140 745
  • მოლდოვა – 82 762
  • რუმინეთი – 82 062
  • ბელარუსი – 453
  • რუსეთის ფედერაცია** – 99 300
  • სხვა ევროპული ქვეყნები – 210 239

ყველა ქვეყნის მონაცემი თარიღდება 7 მარტით, გარდა პოლონეთისა (8 მარტი), რუსეთის ფედერაციისა (8 მარტი), მოლდოვისა (6 მარტი) და რუმინეთისა (6 მარტი).

გაეროს ლტოლვილთა უმაღლესი კომისარიატი რუსეთის ფედერაციაში გადასულებში თვლის იმ ადამიანებსაც, რომლებიც ყირიმსა და დონბასში ცხოვრობდნენ.

მასალების გადაბეჭდვის წესი