ახალი ამბები

წუხელ აქციაზე დაკავებული 9 აქტივისტი პატიმრობაში რჩება

8 მარტი, 2022 • 1301
წუხელ აქციაზე დაკავებული 9 აქტივისტი პატიმრობაში რჩება

გუშინ, 7 მარტს დაკავებული 9 აქტივისტი ამ დრომდე იზოლატორში რჩება. ამის შესახებ „ნეტგაზეთს“ დაკავებულების ადვოკატმა, გიორგი მახარაძემ განუცხადა.

მისი თქმით, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს შეუძლია 48- საათიანი ვადა გამოიყენოს დაკავებულების იზოლატორში დასაყოვნებლად, რის შემდეგაც სასამართლოს უნდა მიმართოს, სადაც გაირკვევა, რა სასჯელი დაეკისრებათ აქციაზე დაკავებულ პირებს.

აქტივისტებს შორის, რომლებიც ამ დრომდე პატიმრობაში რჩებიან, არიან:

  • გიგა მაქარაშვილი
  • გიორგი მჟავანაძე
  • ნოდარ რუხაძე
  • ზუკა ბერძენიშვილი
  • ლექსო სამხარაძე
  • ბაჩი ვალიშვილი
  • ვალერი სამხარაძე
  • სანდრო სიმონოვი

გარდა ამ პირებისა, აქციაზე გუშინ ასევე დააკავეს ნატა ფერაძე, გვანცა პერტია და ლიკა ლომიძე, რომლებიც მალევე, ხელწერილის საფუძველზე გაათავისუფლეს.

პოლიცია დაკავებულებს წვრილმან ხულიგნობასა და პოლიციისადმი დაუმორჩილებლობას ედავება.

საპროტესტო აქცია “არა რუსეთს!” გუშინ, 7 მარტს თბილისში, პარლამენტის შენობასთან დაიწყო, რის შემდეგაც აქციის მონაწილეებმა სახელმწიფო კანცელარიასთან გადაინაცვლეს, სადაც კანცელარიის მიმართულებით ტუალეტის ქაღალდები ისროლეს. აქციის დასრულებისას პოლიციამ რამდენიმე აქტივისტი დააკავა, რის შემდეგაც აქციის მონაწილეებმა პოლიციელებს ფქვილი შეაყარეს.

მასალების გადაბეჭდვის წესი