ახალი ამბები

თეთრი სახლი რუსეთის გამო ვენესუელასთვის სანქციების შემსუბუქებაზე ფიქრობს – CNN

7 მარტი, 2022 • 1887
თეთრი სახლი რუსეთის გამო ვენესუელასთვის სანქციების შემსუბუქებაზე ფიქრობს – CNN
თეთრი სახლი ვენესუელასთვის სანქციების შემსუბუქების შესაძლებლობას განიხილავს იმისათვის, რომ ქვეყანამ უფრო მეტი ნავთობის წარმოება და გაყიდვა შეძლოს საერთაშორისო ბაზარზე. ინფორმაციას ამის შესახებ CNN ავრცელებს წყაროზე დაყრდნობით, რომელიც ტელეკომპანიის ცნობით, საკითხს კარგად იცნობს.

ეს ნაბიჯი, თუ მას პრეზიდენტ ჯო ბაიდენის ადმინისტრაცია გადადგამს, მიმართული იქნება იქითკენ, რომ რუსულ ნავთობზე დამოკიდებულება გლობალურად შემცირდეს და ასევე, მოსკოვს სამხრეთ ამერიკაში ჩამოაშორონ მისი უმთავრესი მოკავშირე ვენესეუელას სახით.

The New York Times-ისა და CNN-ის ცნობით, კარაკასში მოლაპარაკებებზე უკვე იმყოფებოდნენ თეთრი სახლის ოფიციალური წარმომადგენლები.

თეთრმა სახლმა ვენესუელას სანქციები 2019 წელს დაუწესა, მას შემდეგ, რაც განაცხადა, რომ ნიკოლას მადურომ არჩევნები გააყალბა.

დღეს ასევე გავრცელდა ინფორმაცია, რომ უკრაინაში აგრესიის გამო აშშ და EU რუსეთიდან ნავთობის იმპორტზე შეზღუდვების დაწესებას აპირებენ და აქტიურად ეძებენ გზებს, თუ როგორ შეუძლიათ ამ ნავთობის ჩანაცვლება ამერიკულ და ევროპულ ბაზრებზე.

აშშ-ში ერთი გალონი [3.7 ლიტრი] ბენზინის ფასი, 6 მარტის მონაცემებით, $4.009 იყო, რაც 2008 წლის ივლისის შემდეგ ყველაზე მაღალი მაჩვენებელია. მომხმარებლები წინა კვირასთან შედარებით საშუალოდ 40 ცენტით მეტს იხდიან, გასულ თვესთან შედარებით კი ფასი 57 ცენტითაა გაძვირებული. რუსული ნავთობი აშშ-ის მოხმარების დაახლოებით 8%-ს იკავებს.

მასალების გადაბეჭდვის წესი